პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, როდის გამოსცემს გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას. მიუხედავად იმისა, რომ 14 აპრილს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას მაისის დასაწყისში გააკეთებდა.
როგორც ჩიხრაძემ GDS-ის გადაცემა 20/30-ის ეთერში თქვა, ამ თემაზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ვიზიტებით დახუნძლული პერიოდი იყო, ამიტომ ამ ეტაპზე, თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები ალბათ, უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ ორ თანამდებობის პირს შორის ურთიერთობა ისეთია, საკითხი კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება”, – განაცხადა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს, პრემიერ კვირიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა.
ამავე განკარგულებაში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყო დასახელებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები საარჩევნო აგიტაციის დაწყების თარიღს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.
შედეგად, 14 აპრილს პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება მოტივირებული შენიშვნებით მარგველაშვილის ადმინისტრაციას დაუბრუნა და მოუწოდა, რომ ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოსცეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე განისაზღვროს.
საპასუხოდ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალ განკარგულებას მხოლოდ ერთი წინადადებით – „არჩევნები დაინიშნოს 8 ოქტომბერს“, მაისის დასაწყისში, არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემს და შესაბამისად, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.