ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, თუმცა აცხადებენ, რომ თუ აფხაზური პასპორტები უქმდება, ხიდზე გადაადგილებას მაინც ვერ მოახერხებენ.

„გადასასვლელი გაიხსნა. ჯერ კიდევ დილას დაკეტილი იყო. ახლა ახალი პრობლემა დგას. ის, ვისაც ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“ ან ფორმა 9 არ აქვს, „საზღვრის“ გადაკვეთას მაინც ვერ მოახერხებს. კარგია რომ გაიხსნა, პროდუქტი შემოვა, ნაცნობი წავა, რამეს მოგიტანს ზუგდიდიდან, თუმცა პირადად რომ მოგინდეს გადასვლა, ვერ გადახვალ,“ – ამბობს  გალის მაცხოვრებელი.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ენგურის ცენტრალური ხიდი, 11 იანვარს ცალმხრივად დაკეტა. მესაზღვრეები, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას, მხოლოდ რენდგენის გადაღების და შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე იძლეოდნენ. პროცედურა იქვე, „საზღვარზე“ ტარდებოდა. გადასვლა აკრძალული იყო აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით გადამსვლელთათვის. გამონაკლისს მხოლოდ ე.წ. ვიზით გადასულები წარმოადგენდნენ.

ძველი აფხაზური პასპორტები პირველი იანვრიდან გაუქმდა. ასევე უმოქმედოდაა გამოცხადებული ძველი საბჭოთა პასპორტიც. ამჟამად, გადაადგილების საშუალება ფორმა 9-ითა და ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვათია“ შესაძლებელი.