ენგურის ხიდის ჩაკეტვამ ე.წ. გადასასვლელების ბიზნესი ისევ აქტუალური გახადა. საქმე ეხება „საზღვრის“ ოფიციალური გადასასვლელების გვერდის ავლით გადაკვეთას, რომელსაც ადგილობრივები კურირებენ. კერძოდ, რამდენიმეკაციანი ჯგუფი წინასწარ პოულობს უსაფრთხო, მესაზღვრეებისთვის უცნობ ადგილს სასაზღვრო ზოლთან, საიდანაც შემდგომში „საზღვარზე“ ხალხს აპარებენ. მათ „გადამყვანებს“ ან „მზვერავებს“ ეძახიან.
აღნიშნული ბიზნესად მას შემდეგ იქცა, რაც აფხაზურმა მხარემ „საზღვრის“ გადაკვეთისთვის უმკაცრესი ბიუროკრატიული ბარიერები შემოიღო.
პროცედურა თავიდან გაცილებით მარტივი იყო, რადგან ენგურის გასწვრივ მავთულხლართები არ არსებობს და ადგილობრივები ხშირად დამხმარეების გარეშეც ახერხებდნენ გადასვლას.
„აქ ყველამ იცის ე.წ. შავი გადასასვლელები, რადგან ტერიტორიას კარგად იცნობენ, თუმცა ამის შესახებ რუსმა მესაზღვრეებმაც შეიტყვეს და კონტროლი გაამკაცრეს, დაიწყეს ხშირი პატრულირება და დაამატეს ძაღლები. ამის შემდეგ „საზღვრის“ გადაკვეთის შანსები შემცირდა, დაკავებების რიცხვი კი საგრძნობლად გაიზარდა. მოგეხსენებათ, ყოველი დაკავება შესაბამისი ფულადი ჯარიმით ისჯება, ამიტომ ხალხი უკვე თავს იკავებდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ე.წ. გადასასვლელების ბიზნესი. ადგილობრივები წინასწარ ზვერავენ გზას, საიდანაც უსაფრთხოდ შეიძლება გადასვლა, აგროვებენ ხალხს, შემდგომ კი ერთიანად გადაჰყავთ. გარანტირებული ბოლომდე არც მაშინ იყო „საზღვრის“ უსაფრთხო გადაკვეთა, თუმცა გამართლებაზე გადასვლას ჯობდა“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში ადგილობრივი მკვიდრი.
მისივე თქმით, ადრე ეს ბიზნესი 15 ლარი უჯდებოდა თითო გადამსვლელს, ახლა გაძვირდა და 80 ლარი ღირს.
„მავთულხლართების გაჩენამ ეს პროცესი გაართულა. გარდა ამისა მოსახლეობაში, ასე თუ ისე, ბევრს რაღაც საბუთი მაინც აქვს უკვე აღებული, რათა „საზღვარი“ ოფიციალურად გადაკვეთონ, თუმცა ენგურის ხიდის დაკეტვამ, ბიზნესი ისევ აქტუალური გახადა, სირთულეებთან ერთად კი ამ საქმით დაკავებულებმა ფასიც გაზარდეს“.
ახალგაზრდა კაცი, გ.ბ გვიყვება, რომ იმ ახალგზარდებმა, რომელბმაც ახალი წლის მერე დატოვეს გალის ტერიტორია, ყველამ 80-დან 100 ლარამდე გადაიხადა და მავთულხლართებში მოუწია გაძრომა.
„პოლონეთში წასასვლელი ბილეთები აღებული გვქონდა, გზის გახსნის შანსი კი ყოველდღიურად მცირდებოდა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა გაგვერისკა. სამნი ვიყავით, თითომ 80 ლარი გადავიხადეთ მზვერავებთან. გზა მიგვითითეს, თუმცა სწრაფად მოქმედება იყო საჭირო. მაშინ არ ვიცი როგორ გავძვერი მავთულხლართებში, მხოლოდ მერე შევამჩნიე დახეული ტანსაცმელი და სისხლიანი ხელები. დანარჩენმა ორმა ვერ მოახერხა გამოძრომა და უკანვე მიბრუნდნენ“, – ყვება გ.ბ.
DFWatch რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა, ვისაც ამ გზით ოდესღაც გადაუკვეთავს გზა.
„არანაირი საბუთი არ მაქვს გარდა ქართული პირადობისა, თუმცა ჩემი სახლი იქაა და სხვა გზა არ მქონდა, შავი გზებით უნდა მემოქმედა. ერთხელ დილიდან საღამომდე მომიწია ლოდინი, რომ გადავსულიყავი. რუსები პატრულირებდნენ და გადასვლის შანსი არ იყო. უკვე შებინდებული იყო, ათი საათი ხდებოდა გადასვლა რომ დავაპირე. მეორე მხარეს მეზობელი მელოდებოდა მანქანით. გზა არ ვიცოდი კარგად, რადგან უცხო სოფლიდან გადავდიოდი, სხვაგან შანსი არ იყო. ზუსტად მახსოვს, რვა ღობეზე მომიწია გადაძრომა და ვიღაცის სახლში აღმოვჩნდი. კარისკენ მივდიოდი, როცა სახლის პატრონის ხმა გავიგონე, აქედან არ გადახვიდე, რუსები დაგინახავენ და მერე ჩვენ გვეჩხუბებიანო.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ასეთი დამოკიდებულება, რადგან იქ ყველა ერთმანეთს ეხმარება, თუმცა არ დავიბენი და უპასუხოდ ისევ ღობისკენ წავედი. ეს მეცხრე ღობე იყო, რომლითაც მიტოვებულ ეზოში აღმოვჩნდი. კარი ახვეული იყო ჯაჭვით, იმაზეც ზევიდან გადავძვერი და როცა მეგონა, რომ გზაზე სამშვიდობოს ვიყავი, შემდეგი განსაცდელი დამხვდა.
„მანქანა, რომელიც მელოდებოდა, რუსებს გაუჩერებიათ და გაუფრთხილებით, საზღვრის მხრიდან ვინც წამოვა, არავინ ჩაისვაო, თან თვითონაც უკან მიჰყვებოდნენ გამცილებლად. სახლამდე ოთხი კილომეტრი იყო, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მივყვებოდი უკან მანქანას, რომელიც ნელი სვლით მიდიოდა ჩემს გამო. სიბნელე, მარტოობა, დაკავების შიში… ვერ აღვწერ, რა სტრესი მივიღე. გზის ნახევარი მქონდა თითქმის გავლილი, რუსების სამხედრო მანქანის შუქმა რომ მომჭრა თვალი. დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა, უცებ ძროხები დავინახე, რომლებიც ეზოსკენ მიდიოდნენ, კართან პატრონი ელოდებოდა. დავავლე ჯოხს ხელი და ძროხებს შევყევი ეზოში. პატრონი მიმიხვდა ჩანაფიქრს, სხვა გზა დამანახა, აქედან გააგრძელე გზაო… ამ დღის მერე მეგონა ამას არასდროს გავაკეთებდი, თუმცა სულ ტყუილად. ამ გზას გადიოდა იქ ყოველი მეორე,“ – გვიყვება გალის რაიონის მკვიდრი ი.ა.
ერთ-ერთი ადგილობრივი, ახალგაზრდა ქალი, ე.წ. გადამყვანების დახმარებით გადასვლის დღეს იხსენებს.
„გადამყვანებს ერთი ადგილი (მიტოვებული ეზო) ჰქონდათ, სადაც ხალხს აგროვებდნენ და მერე ერთად გადაჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მეც. 15 ლარი გადაგვახდევინეს თითოს. სულ 60-მდე ვიყავით. ერთმა მზვერავმა გვაცნობა, რომ 2 წუთი გვქონდა, სანამ სამხედრო ბაზის კამერა იმ ადგილამდე მოტრიალდებოდა, სადაც უნდა გადავსულიყავით. ამის თქმა და ხალხის დაძვრა ერთი იყო. გზა მხოლოდ ერთი ბილიკი იყო, შესაბამისად, ყველა ერთმანეთის გასწრებას ცდილობდა. მდინარეზეც მხოლოდ ერთ ადგილას იყო გადასასვლელი. ხალხი დასწრებაზე მიდიოდა, მე ბოლო აღმოვჩნდი. შუა მდინარეში ვიყავი, როცა მესაზღვრეების მანქანა გაჩერდა მდინარესთან. იმ წამს მეგონა, რომ იარაღი გაისვრიდა და მდინარეში უკვე ჩემი გვამი წარმოვიდგინეიმ წამს მეგონა, რომ იარაღი გაისვრიდა და მდინარეში უკვე ჩემი გვამი წარმოვიდგინე. არასდროს დამავიწყდება ბრაზისგან სისხლჩაქცეული თვალები, რომელიც ამდენი ადამიანის გაქცევით იყო გამოწვეული. ერთ წამში ყველაფერი წარმოვიდგინე, როცა ერთ-ერთი გადამსვლელის ხმამ გამომაფხიზლა, წამოდი, არ გესვრიან, გაიქეცი! არ გავქცეულვარ, მშვიდი ნაბიჯით ამოვედი წყლიდან და ყოველ წამს ველოდი უკან დადევნებულ ტყვიას. გადავრჩი….“ – გვიყვება მ.ა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა მხარემ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან არიდების მოტივით, ენგურის ხიდი 11 იანვარს ცალმხრივად ჩაკეტა. „საზღვრის“ გახსნა 10 მარტს იგეგმება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.