parliament_voteქართული ოცნება მომავალი წლიდან კონსტიტუციის მთლიანად შეცვლას აპირებს. სამი ცვლილება უკვე დაანონსეს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს და შედეგად არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველ პირი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდება და მთელი ძალაუფლება გადავა პრემიერზე.

ამას გარდა, განიხილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა და ქორწინების დეფინიციის შეცვლა ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის ჩაწერით.

როგორც DFWatch-თან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის სპეციალისტია და მას ეს იდეა დიდი ხანია აქვს. მისი თქმით, თუ კობახიძე ამ იდეას გაიტანს, კონსტიტუციაში ცვლილებები ბევრ სხვა მუხლებს შეეხება.

„არ გამოვრიცხავ, რომ პირველი პირის პრობლემა ასე გადაწყვიტონ – ქვეყნის პირველი პირი გახდეს პრემიერ-მინისტრი დიდი ძალაუფლებით და პრეზიდენტი მხოლოდ ნომინალური ფიგურად იქცეს,”- ამბობს დემეტრაშვილი.

ჯერჯერობით კი უკვე ცნობილია ის სამი მუხლი, რომელიც შეიცვლება. პირველია, კონსტიტუციის 36-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. „ქართული ოცნების” ინიციატივაა სიტყვა „მეუღლე” შეიცვალოს და ჩაიწეროს „ქალი და მამაკაცი“.

ეს არის თემა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ყველაზე დიდი სპეკულაციის საგანი იყო. ჯერ სამკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, თუმცა პრეზიდენტისგან უარი მიიღო. პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, თუმცა მას მხარი „ნაციონალებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ არ დაუჭირეს და ის ჩავარდა. ამჯერად, „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიას სპეციალური ინიციატივა უკვე აქვს გაცხადებული და შესაბამისად ეს ინიციატივა მათ მიერ მხარდაჭერილი იქნება.

მეორე, 48-ე მუხლი ეხება პარლამენტის ადგილმდებარეობას. ამ მუხლში წერია, რომ  საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფველია ქუთაისი. 2012 წლიდან „ოცნების“ აუხდენელი სურვილია და მათ საჯარო საუბრებში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ძალიან ბევრი დროის დაკარგვა და ხარჯია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა და შესაბამისად ამ მუხლში სიტყვა „ქუთაისი“ ჩანაცვლდება „თბილისით“.

ერთ-ერთი უმთავრეს საკითხად კი „ოცნებამ“ დაასახელა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. 70-ე მუხლი წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით და ეს ჩანაწერი აუცილებლად შეიცვლება.

საგულისხმოა, რომ სექტემბერში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის საჯარო წესით არჩევა არ უნდა მოხდეს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და „ოცნებაში“ ამაზე ყველა თანხმდება. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ კი უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ცვლილება იქნება ნომერი პირველი და დიდი ალბათობით, საპარლამენტო რესპუბლიკისათვის საჭირო სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდება.

ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის კონსტიტუციაში ცვლილება სურს „ოცნებას“, მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურით საკონსტიტუციო უმრავლესობას, 113 მანდატს მოიპოვებენ, რაშიც უკვე სრულად დარწმუნებულებიც არიან.

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელი საკითხი განიხილება პირველ რიგში. თუმცა ცვლილება მომავალ წლამდე მაინც ვერ მოხერხდება, რადგან  საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭიროა საკითხი მინიმუმ სამი თვის ინტერვალით 2 სესიაზე განიხილონ. თანაც, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა საკითხი ძალიან ფართო ფორმატში, სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში იქნება განხილული.

„ეს განხილვები შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, კონსტიტუციის ყველა თავს, მათ შორის, პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის თავებს და შესაბამისად, თითოეული მუხლი იქნება განხილვის საგანი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექსურად. ასეთი ფართო განხილვისა და კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრია, ამბობს, რომ ამ კომისიაში „ოცნება“ მხოლოდ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე საუბრობდა.

„თუკი კომისიის წევრი ვიქნები, აუცილებლად მოვითხოვ, ჯერ ერთი ორპალატიანი პარლამენტის საკითხი გადაწყდეს, ამას კონსტიტუცია ითხოვს და რაც მთავარია, ტერიტორიული მოწყობის საკითხი განისაზღვროს. დღეს ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო – როგორც რეგიონები, დაფიქსირებული არ არის. დღეს მხოლოდ არის სახელმწიფო რწმუნებული და მითითება რეგიონზე ამოვარდნილია. ეს საკითხები ბოლო კომისიაში განიხილებოდა, მაგრამ არაფერი გადაწყდა. ეს საკითხი გადასაწყვეტია, თუ სერიოზულად უნდათ კონსტიტუციის  გადახედვა  და არა მხოლოდ  საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წაყვანა და მთელი ძალაუფლების პრემიერ-მინისტრის ხელში გადატანა,“- ამბობს დემეტრაშვილი.