სულ მალე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და „ქართული ოცნება“ კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელსაც აქტიურად განიხილავს. ჯერჯერობით კულუარებში სამ კანდიდატზე – ირაკლი კობახიძეზე, თამარ ჩუგოშვილსა და გია ვოლსკიზეა საუბარი.
ამათგან ვის აირჩევს „ოცნების“ უმრავლესობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგება. თუმცა ამ სამიდან ყველაზე მეტი შანსი ირაკლი კობახიძეს აქვს. ის არის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, სიის მესამე ნომერი, ასევე პარტიის ახალი სახე, რომელიც ბოლო დროს ყველაზე აქტიურია, თან იურისტი და კონსტიტუციის სპეციალისტია. ამიტომაც „ოცნების“ წევრებში სწორედ მას ანიჭებენ უპირატესობას.
კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. თუმცა ამისთვის წინაპირობაც არსებობს – „პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ 2/3-ის უფლებამოსილება“.
გამოდის, რომ პარლამენტმა მუშაობა რომ დაიწყოს, მინიმუმ, 100 დეპუტატი უნდა იქნას პირველ ტურში არჩეული. ხოლო რადგან ჯერ კიდევ არ არის გარკვეული 100 დეპუტატის უფლებამოსილება და წინ არჩევნების მეორე ტურია გასამართი, შესაძლოა ახალი პარლამენტი პირველი სხდომა არა 28 ოქტომბრამდე, არამედ ნოემბრამდე ვერ შეიკრიბოს. პირველ სხდომაზე კი პარლამენტის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით აირჩევა ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.