ამბები

2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 13 ქალია მოკლული

by | Nov 29, 2016

DSC_01872016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.   

სახალხო დამცველმა პარასკევს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა.

უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა პრობლემის მასშტაბის და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ – განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას და პარლამენტს, დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სს კანონმდებლობაში.

ქალთა მდგომარეობაზე 2016 წლის ანგარიში ჯერ არ არსებობს, 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა სპეციალური ანგარიში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობაზე“, სადაც წერია, რომ 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, რომელშიც 5 106 პირი მონაწილეობდა.

112-ის სამსახურში შესაძლო ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 2015 წელს იყო – 15910, 2014 წელს კი – 9260; მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოძალადეთა 93% მამაკაცია.

მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის  28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. 2014 წელს გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის შემთხვევა იყო – 34.

2014 წელს სექსუალური ძალადობის 80, ხოლო 2015 წელს – 87 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გაუპატიურების 20 შემთხვევა 2014 წელს და 13 შემთხვევა – 2015 წელს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა. თითქმის სამჯერ მეტია მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობას შეეხება, 2015 წელს ასეთი 1 449 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031