„ნაციონალური მოძრაობა“ დეკემბერში (ან იანვარში) ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა პოლიტსაბჭოს წევრებში დაპირისპირებაა იმაზე, რამდენი უნდა იყოს დელეგატთა რაოდენობა და დღის წესრიგში უნდა შევიდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
არჩევანი ორ წესს შორის უნდა გააკეთდეს. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ყრილობა უნდა იყოს მასშტაბური და ხმის უფლების მქონე 7000-მდე დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახალი თავმჯდომარის არჩევა და ამით მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება კი მიუღებელია.
მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობაში ხმის უფლების მქონე 2000-ზე ცოტა მეტი დელეგატის მოწვევა საკმარისია და დღის წესრიგში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევაც აუცილებლად უნდა შევიდეს.
პარტია ოთხშაბათს, 14 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს და იქ გადაწყდება ყრილობის თარიღი, დღის წესრიგი, დელეგატთა რაოდენობა და მათი შერჩევის წესი.
ამჟამად პარტიას ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, კანონის მიხედვით, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ვერ დარჩებოდა. თუმცა პარტიამ 2015 წლის დეკემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ამ თანამდებობაზე არავის არ აირჩევდნენ და ფორმალურად ისევ სააკაშვილი იქნებოდა პარტიის ლიდერი. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ პარტიას განახლება სჭირდება და შესაბამისად, მოქმედი თავმჯდომარეც. ამიტომაც ყრილობაზე უნდა მოხდეს პარტიის ყველა თანამდებობაზე, მათ შორის თავმჯდომარეობის პოსტზეც, ახალი ხალხის არჩევა. ასევე უნდა აირჩიონ ახალი პოლიტსაბჭოც.
დღეს მოქმედ 60-კაციან პოლიტსაბჭოში ნახევარზე მეტი სააკაშვილის ლიდერად დარჩენას ეწინააღმდეგება, მაგრამ ექსპრეზიდენტის ისევ ლიდერობას მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს 22 წევრი და პარტიის რეგიონალური ლიდერების, მხარდამჭერებისა და აქტივისტების უდიდესი ნაწილი. ამიტომაც, რაც უფრო მეტი დელეგატი იქნება ყრილობაზე, ეს სააკაშვილის მომხრეთა პოზიციებს გაამაგრებს და მთავარი საკითხი, სააკაშვილის ჩამოშორება და ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება. ასევე მარტივად შეძლებენ აირჩიონ პოლიტსაბჭოს ისეთი წევრებიც, რომლებიც სააკაშვილის მომხრეები იქნებიან.
საგულისხმოა ის, რომ პარტიაში დაპირისპირება არჩევნების შემდეგ ბოიკოტის გამოცხადება-არგამოცხადების თემაზე დაიწყო. სააკაშვილმა ოდესიდან პოლიტსაბჭოს მოუწოდა, რომ არც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიეღოთ მონაწილეობა და არც პარლამენტში შესულიყვნენ. ამას პოლიტსაბჭოს უმრავლესობა არ დაეთანხმა. უმეტესად ისინი, რომლებმაც პირველ ტურში პარლამენტის მანდატები მიიღეს.
გამონაკლისი იყო ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი და მეორე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე თქვა უარი.
მოგვიანებით, 10 ოქტომბერს კი სააკაშვილი ღიად დაუპირისპირდა მისი მოწინააღმდეგე ბანაკის ლიდერებს – გიგა ბოკერიას და პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას. ექსპრეზიდენტმა თავის უშუალო მომხრეებს მიმართა, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს ემიჯნება და დაიწყო უაზრო ლაპარაკი, რომ სააკაშვილი კერპი არ უნდა იყოს.
ბოლო დღეებში დღის ყრილობის დღის წესრიგისა და დელეგატების რაოდენობის გარდა ასევე დისკუსიის საგანი გახდა ყრილობის თარიღიც. ნაწილი აცხადებს, რომ ის უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს ნაჩქარევია და ყრილობა უნდა ჩატარდეს იანვრის ბოლოს. რა და როგორ გადაწყდება, ეს ხვალ, ოთხშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე კი, 60-კაციანი პოლიტსაბჭოს 22 წევრი, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერთა ფრთად მოიაზრება, საგანგებო ვრცელ განცხადებას ავრცელებს პარტიის ახაგაზრდული ფრთის ვებ-გვერდზე, სადაც წერია, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა არ უნდა მოხდეს, პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამ ჯგუფის მიერ ინერნეტში გავრცელდა პეციტიაც, სადაც ფართო წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარების მომხრეებს მოუწოდებენ ხელი მოაწერონ.
ამ ჯგუფის აზრით, თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა რომ შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო, მაშინ როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე უნდა თქმულიყო, რაც არ გაკეთებულა. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აქვთ იდენტური უფლებამოსილებები. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა, შესაძლოა გაკეთებულ იქნას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ.
ოთარ კახიძე, რომელიც ე.წ. გიგა ბოკერიას გუნდში მოიაზრება „ფეისბუქში“ წერს, რომ 7 ათასი დელეგატი ძალიან ბევრია.
„აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის მდგომარეობით – 324 მილიონი. რესპუბლიკური პარტიის 2016 წლის ყრილობა – 2472 დელეგატი,“ – წერს კახიძე.
ბოკერიას ე.წ. გუნდის წევრები ამბობენ, რომ აუცილებელია განახლებული პოლიტსაბჭო და ახალი თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს და აქვს ფუნქციები, რომელიც ამ პოსტს შეესაბამება. თავმჯდომარე მართავს პარტიას და ეს კითხვები იერარქიასთან დაკავშირებით უნდა მოიხსნას, რათა პარტია უფრო ეფექტური იყოს თავის საქმიანობაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.