ამბები, უმცირესობები

როგორ იმოქმედა ყარაბაღის კრიზისმა საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანელებზე

by | Apr 6, 2016
arnold_stepanian

სტეპანიანი: აგრესიის გამოვლინების ორი ქეისი უკვე გვაქვს, როდესაც აზერბაიჯანელებმა სომხების, სომხებმა კი აზერბაიჯანელების მანქანებს ქვები დაუშინეს.”

2 აპრილს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ადგილებში საომარი მოქმედებების განახლებამ  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობები დაძაბა. უფრო მეტიც, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი საომრადაც კი გეგმავ წასვლას, თანაც სხვადასხვა მხარეზე – ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალური ბაქოს მხარდასაჭერად,  ეთნიკური სომხები კი  ყარაბაღის .. დამოუკიდებლობის დასაცავად.

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები, თითქოს რამდენიმე ადამიანი საომრად უკვე გაეშურა.

როგორც ეთნიკური უმცირესობების უფლებადამცველი, „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი DFWatch-თან საუბრისას აცხადებს, ბოლო დროს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის აშკარად შეინიშნებოდა აგრესიის ზრდა და ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ მიექცა. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებამ კი ეს დაპირისპირება უფრო გააღრმავა.

მისი განცხადებით, არიან ადამიანები და მთელი ჯგუფები, რომლებსაც ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა სურთ და ამის პროპაგანდა უკვე აშკარად შეინიშნება.

სტეპანიანი ამბობს, რომ სომხეთისფ და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროპაგანდა კარგად მუშაობს, ომის ფაზაში არიან და ქართველი აზერბაიჯანელები და ქართველი სომხები ამ განწყობებს აქტიურად იღებენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადება, რომ ის აზერბაიჯანის დასაცავად ქმნის ბატალიონს და ყარაბაღში საომრად უნდა წასვლა. ჯავახეთშიც არის გარკვეული მუხტი, წავიდნენ და მხარი დაუჭირონ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებებს.

„ახალქალაქში ამაზე საჯაროდ და პრესასთან არავინ უსაუბრია, მაგრამ ასეთი განწყობა დიდია და სომხეთში ინდივიდუალურადაც მიდიან. სომხეთში მცხოვრებმა და წარმოშობით ჯავახეთელმა სომხებმა განაცხადეს, რომ ჯავახეთიდან მოხალისეები გავაგზავნოთ ყარაბაღშიო. ორგანიზებულადაც მიდიან და ინდივიდუალურადაც.

„საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუკი საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში საბრძოლველად წავა, ის მოქალაქეობას დაკარგავს. ეს შეიძლება არ იცოდეს რიგითმა მოქალაქემ, მაგრამ პარლამენტის წევრმა მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ბატალიონის შექმნაზე განცხადებები არ აკეთოს?! ასევე ცუდი პრეცედენტი იყო აზერბაიჯანული სათვისტომოს ზოგიერთი წარმომადგენლის მიტინგი აზერბაიჯანის საელჩოსთან, სადაც მათ აზერბაიჯანის მხრიდან საომარ მოქმედებებს მხარი დაუჭირეს. კონფლიქტის ორივე მხარის მიმართ აქტიური მხარდაჭერაა,“- აცხადებს სტეპანიანი.

მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი რისკია პროვოკაციები საქართველოშიც მოხდეს და  დაპირისპირება უფრო მკვეთრ, აგრესიულ ქმედებებში გადაიზარდოს.

„ახლა ვამზადებთ განცხადებას და შესაბამის უწყებებს უნდა მივმართოთ, რომ ამგვარი ტიპის ქმედებების პრევენცია მოახდინონ. ასევე დაუყოვნებლივ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ და ძალადობას ავლენენ. აგრესიის გამოვლინების ორი ქეისი უკვე გვაქვს, როდესაც აზერბაიჯანელებმა სომხების, სომხებმა კი აზერბაიჯანელების მანქანებს ქვები დაუშინეს,“- აღნიშნავს სტეპანიანი.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლში აღნიშნულია, რომ პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციურ ან უშიშროების სამსახურში. ეს ეხება ოფიციალურ სტრუქტურებში სამსახურს, თუმცა თუკი ვინმე უცხო ქვეყანაში საომრად მოხალისედ მიდის, საქართველოს კანონმდებლობაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ერთადერთი, სს წესით დასჯადია ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის პირის გადაბირება ან ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაზე მისი დაყოლიება და სს კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10- წლამდე.

აღსანიშნავია, რომ დონბასში უკრაინის მხარეზე მებრძოლი „ქართული ბატალიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში აქტიურად გავრცელდა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მამულაშვილი უკრაინაში ცხოვრობს და მას ქართულ ჯართან არანაირი კავშირი არა აქვს.

რაც შეეხება პარლამენტარ აზერ  სულეიმანოვის განცხადებას, დეპუტატმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 150-კაციან ბატალიონს მეთაურობდა და ახლა აზერბაიჯანის დასახმარებლად ამ ბატალიონის აღდგენას გეგმავს. ამბობს იმასაც, რომ არ ეშინია დაიცვას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც საქართველოსი. მისი თქმით, მან ყოფილი მებრძოლებისგან ათობით წინადადება უკვე მიიღო კიდეც.

DFWatch-ი ეცადა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დეპუტატს დაკავშირებოდა, მაგრამ მას ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ სულეიმანოვის განცხადება არ იცის და ამიტომ კონკრეტულად ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ  ჩვენ ამ კონფლიქტში მხარე არ შეიძლება ვიყოთ და ყოველნაირად ვეცდებით, რომ საქართველო კონფლიქტის ნაწილი არ გახდეს.

ფოფხაძის განცხადებით, თუკი საქართველოს რომელიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში დაიწყებს საქმიანობას, ის მოქალაქეობას ავტომატურად დაკარგავს, მაგრამ ეს ეხება ოფიციალურ სტრუქტურებს, არაოფიციალურ სტრუქტურებში კი შესაძლებლობა რჩება.

„თუკი საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ დაჯგუფებაში მიიღებს მონაწილეობას, მასზე შესაძლოა სამართლებრივი დევნა იყოს, მაგრამ, ჩემი მონაცემებით, ამის პრაქტიკა არ გვაქვს, ამის გამო არავინ დასჯილა და სს სამართლის რომელი მუხლით შეიძლება ამის გაკეთება, არ ვიცი,“- აღნიშნავს ფოფხაძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930