ამბები

რა საარჩევნო გაერთიანებები შეიძლება, ვიხილოთ ანტიდასავლურ ფლანგზე

by | Jul 21, 2016
tarxan-mouravi (marshallpress)

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი იმედოვნებს, რომ მისი 6-წევრიანი საარჩევნო ბლოკი 8-მდე გაიზრდება.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსერვატიულ ფლანგზე შექმნილი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ანტიდასავლური განწყობით ცნობილ პარტიასაქართველოს პატრიოტთა ალიანსისირგვლივაა გაერთიანებული და 6 არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალისგან შედგება, ბლოკის გაფართოებას გეგმავს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე და ბლოკის ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, გაერთიანება შესაძლოა მალე 8 პარტიამდე გაიზარდოს და ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, ვისთანაც მოლაპარაკებები აქვთ, „მრეწველები“ არიან, რომლის ლიდერი გოგი თოფაძე ცნობილია ნატო-ს საწინააღმდეგო განცხადებებით.

თუმცა DFWatch-თან საუბრისას თავად საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ არსებულ ბლოკში გაწევრიანება კატეგორიულად გამორიცხა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთ საარჩევნო ბლოკში ყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამ გაერთიანებაში მაქსიმუმ 3 პარტია იქნება.

„პატრიოტთა ალიანსთან“ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესანიშნავი ორიენტაციაა, კარგი გუნდია, მაგრამ 8 პარტია ერთ ბლოკში უკვე პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ კვალიფიციური სუბიექტი ვართ, დაფინანსება გვაქვს და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. თუ 8 პარტია ვიქნებით, მაშინ გამოდის 40%-მდე უნდა ავიღოთ. ეს ძალიან ძნელია. ჩემთვის 6-ვე პარტია ყველაფრით მისაღებია, მაგრამ 8 პარტიის ბლოკი არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ეს კომიკური იქნება. თუ ამ პრობლემას როგორმე მოაგვარებენ, რომ 2 ან მაქსიმუმ 3 პარტია შეიკრას ბლოკად, ერთად ძალიან დიდ შედეგს მივაღწევთ. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ. თუ ვინმეს უნდა ჩვენთან, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. რაღაც მოლაპარაკებები ახლაც მიდის, მაგრამ ვნახოთ, როგორ შევთანხმდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მარტო გავალთ თუ ვინმესთან ერთად,“ – ამბობს თოფაძე.

არადა „მრეწველების“  შემოერთებაზე განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გააკეთა. მან თქვა ისიც, რომ „მრეწველების“ გარდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს პარტია „სამეფო გვირგვინთან“,  რომელიც მისი თქმით, ქართველ თავადაზნაურობას წარმოადგენს და ასევე „აფხაზეთის დევნილების“ პარტიასთანაც. ეს ორი უკანასკნელი პარტია საერთოდ არ არის ცნობილი და ჰყავთ თუ არა მხარდამჭერები, ესეც საეჭვოა.

თარხან-მოურავის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები მუდმივად მათი პარტიის დაბალ რეიტინგზე საუბრობენ, მათთან ბლოკში გაერთიანების სურვილი ბევრ პოლიტიკურ ძალას აქვს.

„არ მგონია, რომ სხვებთან არის ამდენი მოლაპარაკება. იმ პარტიებთან რატომ არ ლაპარაკობენ, ვისაც ვითომ მაღალი რეიტინგი აქვს? პირდაპირ ვამბობ, 6 პარტია იმიტომ გაერთიანდა, რომ სწორედაც ჩვენ გვაქვს რეიტინგი და ამჟამადაც 4 პარტიასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. მაგალითად იგივე გოგი თოფაძესთანაც ვსაუბრობთ. ერთად სიაში ვიქნებით თუ არა, ვნახოთ. მოლაპარაკება რთული პროცესია, იქ სულ სხვა ნიუანსებია, თორემ ისე ურთიერთპატივისცემა დიდია. ასევე მოლაპარაკებები გვაქს „სამეფო გვირგვინთან“. არის ასეთი პარტია, რომელიც თავადაზნაურობას წარმოადგენს. ასევე „აფხაზეთის დევნილების“ პარტიასთანაც. ვიხილავთ თუ არა მათ ჩვენს ბლოკში, ამას დრო დაგვანახებს“,  – აცხადებს თარხან-მოურავი.

მისი თქმით, საგარეო ორიენტაცია აქ გადამწყვეტი არ არის, რადგანაც, თვლის, რომ საქართველოში საარჩევნო ბლოკების შექმნისას პოლიტიკური ორიენტაციები არასდროს ყოფილა გადამწყვეტი; 20-25 წელია პარტიები ერთმანეთთან წინასაარჩევნოდ იმიტომ ერთიანდებიან, რომ მეტი პროცენტი მიიღონ და ამ შემთხვევაშიც „ჩვეულებრივ არითმეტიკასთან“ გვაქვს საქმე.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიულად და ანტიდასავლურად მიჩნეულმა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ბევრი მიმომხილველი მომავალ პარლამენტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, საარჩევნო ბლოკი თვენახევრის წინ, 8 ივლისს შექმნა, სადაც რამდენიმე ცნობილი, თუმცა დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსი გაერთიანდა.

საარჩევნო ბლოკს დაერქვა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“. ბლოკში ექვსი პარტია გაერთიანდა: დავით თარხან-მოურავის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, კონსტანტინე გამსახურდიას „თავისუფლება“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“, აკაკი ასათიანის „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“, გოჩა ჯოჯუას „ახალი  ქრისტიან-დემოკრატები“ და გია ბერძენიძის „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

როგორც ახალ პოლიტიკურ ბლოკში განაცხადეს, მათი გაერთიანება ღიაა წინასაარჩევნოდ ყველა პარტიისთვის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული პარტიებისა.

ჯერჯერობით, ამ „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკში გაწევრიანებას არ გეგმავს და არც არანაირი მოლაპარაკებები არ გაუმართავს ასევე ანტიდასავლური გამონათქვამებით ცნობილ პოლიტიკოსს, თამაზ მეჭიაურს, რომელსაც სწორედ საკუთარი განცხადებების გამო მოუწია მმართველი პარტიის დატოვება და თვენახევრის წინ ახალი პარტიაც „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა.

მეჭიაური DFWatch-თან ამბობს, მას არც „პატრიოტთა ალიანსთან“ და არც „მრეწველებთან“ გაერთიანებაზე კომუნიკაცია არ ჰქონია და ჯერ გადაწყვეტილი არაფერი აქვს.

ანტიდასავლურ ფლანგზე არსებული პარტიებიდან ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას” კი გადაჭრით გადაწყვეტილი აქვს, რომ არავისთან გაერთიანდეს და მარტო აპირებს ბედის ცდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031