baza

რუსეთის მთავარი სამხედრო-საჰარო ბაზა ლატაკიაში, დასავლეთ სირია (sputnik)

რუსეთის ავიაციამ სირიაში ის ავიაბაზა დაბომბა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი სპეცდანიშნულების ნაწილები იყენებდნენ. ავიაიერიში 16 ივნისს განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ახლახან გავრცელდა.

იორდანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, არც ამერიკელი და არც ბრიტანელი სამხედროები არ დაზარალდნენ. ვინ იმყოფებოდა ბაზაზე იერიშის მომენტში, არც ამის შესახებ ვრცელდება ცნობები, რადგან ის, ძირითადად, საიდუმლო ოპერაციების განხორციელებაზე იყო ფოკუსირებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 სირიელი მებრძოლი დაიღუპა ამერიკელების მოკავშირე „ზომიერი ოპოზიციის“ რიგებიდან.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, მიზნად კი დასავლეთის მხრიდან მოსკოვის პირობებზე დაყოლიებას ისახავდა.  ამას ისიც ადასტურებს, რომ ამერიკელების მტკიცებით, წინასწარვე შენიშნეს, როგორ უახლოვდებოდა რუსული ავიაცია ბაზას და მათ გაფრთხილებას შეეცადნენ, თუმცა მფრინავებმა ეს ყურად არ იღეს.

უკვე იერიშის შემდეგ ამერიკელი სამხედროები ლატაკიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ბაზას დაუკავშირდნენ, თუმცა თავდასხმა კიდევ განმეორდა, დაახლოებით საათნახევარში.

რუსეთი აცხადებს, რომ პენტაგონს ისინი არასდროს გაუფრთხილებია, ამ ადგილს მორიდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დასავლელ მოკავშირეებსა და რუსეთს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისინი თავს არიდებენ ისეთი საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას, რამაც, შესაძლოა, ერთმანეთის დაბომბვა ან საჰაერო შეტაკება გამოიწვიოს.

ამერიკელებმა აღიარეს, რომ რუსები ამ ბაზის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ რაიონში, სადაც თავდასხმა მოხდა, არ მოქმედებს „ისლამური სახელმწიფო“ და არც მასთან დაკავშირებული ჯგუფები.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ინციდენტისა, ან სწორედ მის გამო, გასულ კვირას ამერიკამ და რუსეთმა დადეს შეთანხმება „ალ-ნუსრას ფრონტის“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. „ნუსრა“ არის სირიაში „ალ-ქაიდას“ ერთგვარი ფილიალი და რაოდენობრივად მისი ფორმირებები არაფრით ჩამოუვარდება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს. ამ ორ „კონკურენტ“ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის ღია კონფრონტაციაა გაჩაღებული და ხშირია საბრძოლო შეტაკებები. ამერიკას „ნუსრას“ მიმართ მანამდე ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა – ერთის მხრივ, ვერ ხუჭავდა თვალს მის აშკარა ექსტრემისტულ შინაარსზე, მაგრამ მეორეს მხრივ ვერც იმას ივიწყებდა, რომ სწორედ ეს დაჯგუფება იყო როგორც ასადის ხელისუფლებასთან, ასევე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ლოკომოტივი.