თურქეთის ქალაქ მარმარისში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. DFWatch-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოშიც იძებნებოდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.
როგორც DFWatch-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ ეტაპზე დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს. ეს არის ბოლო ცნობები, რაც საქართველოს საკონსულომ ადგილობრივი სამართალდამცველებისგან მიიღო.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულები ავტომობილს ძარცვავდნენ, რა დროსაც ადგილზე პოლიციელი მივიდა. 45 წლის სამართალდამცავმა ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას ცივი იარაღით ყელის და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი ავტომობილით გადაუარეს. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
„იმედის“ ეთერში თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა თქვა, რომ „ძარცვას ადგილი არ ჰქონია. ბიჭები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. სახლში დაბრუნებისას (პოლიციის) თანამშრომელთან შეკამათება მოუვიდათ. ბიჭები ისე არიან ნაცემები, რომ ვერ დადიან, გარეთ ვერ გამოჰყავთ. ორი მათგანი კომაშია. არც ადვოკატი ჰკიდებს საქმეს ხელს“.
უწყების განმარტებით, საქართველოს საელჩოში დაკავებულთა საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მათი თქმით, კონსული ირაკლი კოპლატაძე ახლა შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება, რათა ვითარებაში უკეთ გაერკვეს და ნახოს, რა მდგომარეობაში არიან ბრალდებულები.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.