ამბები

პენსია 250-300 ლარი, სოცდახმარების გაორმაგება – პარტიების გულუხვი სოციალური დაპირებები

by | Aug 31, 2016
retirement123

(ipn.ge)

„დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ კი  სოციალურ დახმარებას ერთ მილიონ ადამიანს მივცემთ,“ – ასეთია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. თანაც, მისი ტქმით, ეს არსებული ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება.

მართალია, მას არ დაუკონკრეტებია თუ როგორ აპირებს ამის გაკეთებას, თუმცა „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც მსოფლიო ბანის პოლიტიკურ მოძრაობასთან 19 აგვისტოს გაერთიანდა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „საუბარია სოციალური დახმარების სისტემის გასწორებაზე“, ანუ, მოხდება ხარჯების განაწილება მდიდრებიდან ღარიბებზე.

„ჯამში, გაჭირვებულები მიიღებენ გაცილებით მეტ დახმარებას ვიდრე ოდესმე მიუღიათ“ – წერს ჯაფარიძე.

მისმა ამ განცხადებამ კრიტიკა უკვე დაიმსახურა. კერძოდ, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამ დაპირებას არასერიოზულს უწოდებს.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე კი ბურჭულაძის განცხადებას მოქალაქეთა მოტყუების მცდელობად აფასებს. მისი შეფასებით, ასეთი განცხადება „უცოდინრობის (არა მხოლოდ ეკონომიკის), პოლიტ-უმწიფრობის და ცრუ პოლიტ-პოპულიზმის „ბრწყინვალე“ (ქრესტომათიული) ნიმუშია.“

ბურჭულაძის კიდევ ერთი დაპირება პენსიის 250 ლარამდე გაზრდაა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო ცვლილება ყველა არჩევნებზე, ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში  პენსია 50 ლარით გაიზრდება ანუ 230 ლარი გახდება. „თავისუფალი დემოკრატები“ კი პენსიის, არც მეტი არც ნაკლები, 300 ლარამდე გაზრდის პირობას დებენ.  კიდევ უფრო გულუიხვია ბედუკაძე-ხაჩიშვილის გაერთიანება „ცენტრისტები“, რომელიც 400-ლარიან პენსიას ჰპირდება ხალხს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორია ამ მხრივ  ხელისუფლების საარჩევნო დაპირება, რადგან მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმა  არ გამოუქვეყნებია. თუმცა, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით სხვა პარტიების დაპირებას არარეალურად აფასებს. მისივე თქმით, გამოსავალი  დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაა, რომლის ამოქმედებასაც ხელისუფლება 2017 წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ტარიელ ზივზივაძე ამბობს რომ პენსიების მკვეთრ მატებას მინიმუმ ორ წელში ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. როგორც მან „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა,  არცერთი პარტიის პროგრამაში არ ჩანს ის შემოსავალი, რომ 250 ლარი და იმის ზემოთ პენსიის ზრდა რეალისტური იყოს.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 716 287  პენსიონერია რეგისტრირებული.  წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ჯამში 10 მილიარდ ლარს შეადგენს, პენსიებისთვის  1,570 მილიარდი ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან პენსია გაიზარდა და 180 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს „ქართული ოცნება“ წინაასარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა რომ პენსია, დაახლოებით, 220-230 ლარი გახდებოდა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031