taxi

(Vedomosti.ru)

ტაქსის ონლაინგამოძახების უმსხვილესი რუსული კომპანია იანდექს ტაქსითბილისში უკვე ერთი კვირაა რაც შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოყვანისას იანდექსისოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო დატანილი და ამის გამო თბილისში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება არ ცხრება, ოფიციალური თბილისის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებები კეთდება იმაზე, რომ ამ მიმართულებას სწავლობენდა ჩამოყალიბდებიან, რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს.

„მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ) კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოების აღშფოთებიდან ერთი კვირის თავზე, სამშაბათს ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძე კი აცხადებს, რომ მას „იანდექს ტაქსის“ რუკები არ უნახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, ეს მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“. რაც შეეხება ზოგადად, რუსული კომპანიების არსებობას საქართველოს ბაზარზე, ვიცე-პრემიერი ბიზნესის შეზღუდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, ისინი წავიდნენ იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს. ამჟამად „იანდექსზე“ საქართველოს რუკა გამოსწორებულია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღნიშნული აღარ არის.

ამ დროისთვის, თბილისის 11 ტაქსის კომპანიიდან „იანდექს ტაქსის“ აპლიკაციით 200 მანქანა სარგებლობს. ახალი სერვისი – ონლაინ გამოძახება, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა. ტარიფი ერთ კილომეტრზე – 50 თეთრია. კომპანიაში ამბობენ, რომ სერვისი სხვა ქალაქებშიც ამუშავდება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის ფარგლებს გარეთ, საქართველო რიგით მეოთხე ქვეყანაა, რომელშიც აღნიშნული მომსახურება იფუნქციონირებს. ამ დრომდე კომპანია ბელორუსის, ყაზახეთისა და სომხეთის ბაზარს ემსახურებოდა. ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლაზე კი პირველად ინფორმაცია ივლისში რუსული მედიით გავრცელდა.