პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს გუშინ „ვაშაძე–ჯაფარიძე–ახალი არჩევანი“ შეუერთდა და შეიქმნა ახალი პლატფორმა სახელწოდებით – „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის ლიდერი და პირველი ნომერი მსოფლიო ბანი იქნება. ამავე დროს, საარჩევნო სიის დიდი ნაწილი სწორედ ბურჭულაძის პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.
ამ გაერთიანების შემდეგ მისი წევრები თამამ განცხადებებს აკეთებენ, ამბობენ, რომ ორი მთავარი პოლიტიკური ძალა – „ოცნება“ და „ნაციონალები“ – მათმა გაერთიანებამ პანიკაში ჩააგდო, რადგან შეიქმნა ახალი, დიდი, მეინსტრიმული და პროდასავლული კოალიცია, რომელსაც პარლამენტში ფართო წარმომადგენლობით მოხვედრის დიდი შანსი გააჩნია.
ხუთშაბათს დილით დაწყებული კონსულტაციის შედეგი 18 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ გაასაჯაროვა.
„ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც DFWatch-თან საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება 3 დღის წინ შესთავაზეს, ხუთშაბათს კი დილიდან დისკუსია გაიმართა და საბოლოოდ 4-პარტიულ ბლოკად ჩამოყალიბდნენ.
„მთავარი ძალა პაატა ბურჭულაძე იქნება. ჩვენთვის, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია თანმხვედრი მსოფლმხედველობრივი მომენტები, იდეოლოგიური მომენტები, საგარეო კურსის თემა და მეორეს მხრივ – ნაციონალური მასშტაბის, რეიტინგული ლიდერის არსებობა. სწორედ ამიტომ პაატა ბურჭულაძეს ჩვენი ერთობა შევთავაზეთ, მან მიიღო ეს შეთავაზება და ის იქნება ბლოკის ლიდერი,“ – განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, ამ ბლოკს აერთიანებს ერთი – საგარეო, ევროატლანტიკური მისწრაფება და მეორე – ეკონომიკური განვითარების ერთნაირი ხედვა, ლიბერალური და მემარჯვენე იდეოლოგიაა.
ბურჭულაძეს გაერთიანება ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა ბლოკმა „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” ოფიციალურად საჯაროდ ოთხშაბათს შესთავაზა.
„გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა. ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს თანხვედრა,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.
საგულისხმოა ის, რომ ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ერთ ბლოკად 5 აგვისტოს გაერთიანდა. მაშინ ბურჭულაძის პარტიის წევრები გადაჭრით ამტკიცებდნენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებდნენ კენჭისყრას.
ცნობისთვის, „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ისე როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდნენ და პარტია საკუთარი სურვილით დატოვეს.
სწორედ ამიტომ ბურჭულაძის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ „სატელიტად“ და „იდეოლოგიის გამტარებლად“ აცხადებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი პირიქით, ამტკიცებენ, რომ ბურჭულაძე და ვაშაძე-ჯაფარიძის ალიანსი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პროცესია.
მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ მათმა ერთობამ მმართველ და მთავარ ოპოზიციურ პარტიაში პანიკა გამოიწვია.
„ვინ რას დაგვიძახებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა ერთობამ პანიკა შექმნა, რადგან ამ ერთობამ შეიძლება დაარღვიო ის რეიტინგული ლანდშაფტი, ორპოლუსიანი ლანდშაფტი, რაც არსებობდა. განსაკუთრებულად ის პანიკობს, ვისთანაც იდეოლოგიისა და ღირებულელების კუთხით ჩვენთან საერთო ამომრჩეველი ჰყავს, რადგან პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოვიდა ნაციონალური მასშტაბის რეიტინგული ლიდერიც, ერთობაც, გამოცდილებაც და სიახლეც,“ – აღნიშნავს კაციტაძე.
მისი თქმით, სიაში ნუმერაციაზე არ უმსჯელიათ, თუმცა დიდი ალბათობით პირველი ოთხეული ასეთი იქნება – ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძე. თანაც სიის დიდ ნაწილს ბურჭულაძის პარტიის წევრები დაიკავებენ.
პაატა ბურჭულაძემ ვაშაძე-ჯაფარიძე-მემარჯვენეების ბლოკთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნა ოთხშაბათს, 17 აგვისტოს მას შემდეგ გამოთქვა, რაც მისი პარტიის რიგები რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მერაბ მეტრეველმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან ზეწოლას განიცდის, როგორც ფინანსური, ასევე პარტიის წევრების დაშანტაჟების მხრივ და ამ წნეხს ყველა ვერ უძლებს.
მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მოუღიათ პარტიის წევრებს – ხათუნა ლაგაზიძესა და მერაბ მეტრევლეს. მათ DFWatch-ის სატელეფონო ზარებს უპასუხეს.
„ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ”, – უთხრ მერაბ მეტრეველმა „ინტერპრესნიუსს”, თუმცა დაამატა, რომ „ამ ეტაპზე“ პარტიის დატოვებას არ აპირებს.
საუბარია იმაზეც, რომ ამ ბლოკში გაწევრიანების სურვილი აქვს ბაჩუკი ქარდავას „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასაც“, თუმცა ჯერჯერობით, მოლაპარაკებების არსებობას ბლოკში არ ადასტურებენ, ხოლო სამომავლოდ გაიზრდება თუ არა ბლოკის წევრთა რაოდენობა, ამ მსჯელობა მომავალში შესაძლოა იყოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.