ამბები

თბილისის ზოოპარკს 22 ახალი ცხოველი შეემატა

by | Jun 1, 2016


თბილისის ზოოპარკმა გერმანიისა და ბელგიის ზოოპარკებისგან საჩუქრად 22 ახალი ცხოველი  მიიღო. ისინი თბილისში ორშაბათს, გამთენიისას ჩამოიყვანეს. საუბარია 7 სამხრეთამერიკულ კოატიზე, 2 ინდურ მაჩვზღარბასა და 10 ზოლებიან მანგუსტზე, რომლებიც გერმანიის დუისბურგის ზოოპარკიდან გამოგზავნეს. 3 ლურჯი გნუ კი ბელგიიდან ჩამოიყვანეს.

როგორც თბილისის ზოოპარკში ამბობენ, ეს არის ევროპის ზოოპარკების დახმარება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო. მათივე ცნობით, ეს უკვე ცხოველების მეორე ნაკადია. მანამდე პირველი ნაკადი, სელ 7 ცხოველი – 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი –  მარტში რიგის ზოოპარკმა გამოგზავნა.

როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე DFWatch-თან ინტერვიუში ამბობდა, მაის-ივნისში თბილისის ზოოპარკი 100-ზე მეტ ცხოველს ელოდება. სარტყლიანი მანგუსტები, კოატი, კენგურუები, დეგუ, ხალებიანი ირმები, მაიმუნები და ა.შ. მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ზოოპარკს აქამდე  არ ჰყოლია. ასეთია, მაგალითად, კენგურუ.

მისივე თქმით, ახალ ცხოველებს დიდი ბრიტანეთის, გერმანის, ჰოლანდის, საფრანგეთის, თურქეთის, ბელგიის, ისრაელის, ლატვიის ზოოპარკებისგან ელიან.

რაც შეეხება  მტაცებლებს, გურიელიძემ  DFWatch-ს უთხრა, რომ  ვეფხვები, რომლებიც 13 ივნისის სტიქიის დროს სულ დაიხოცნენ, თბილისის ზოოპარკს სავარაუდოდ, შემოდგომიდან ისევ ეყოლება. სწორედ ამ პერიოდში ელის გურიელიძე რიგის ზოოპარკისგან ვეფხვებს.  მისი თქმით, უახლოეს მომავალში არცერთი მტაცებლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან მათთვის ზოოპარკის ტერიტორიაზე ადგილი არ არის.

როგორც DFWatch-ს თბილისის ზოოპარკიდან აცნობეს, შემდეგ ეტაპზე უკვე ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან  ჰამადრილები, მაკაკები, ვალაბები, ტაპირები, დეგუები, ემუები, ფაფრიანი ცხვრები და ხალებიანი ირმები ჩამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.  რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაციაც გახდა საჭირო. მანამდე კი ვეფხვმა გმირთა მოედანზე, ყოფილ საფეიქრო ფაბრიკაში განთავსებულ საწყობებში მუშა დაგლიჯა.

საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ზოოპარკის 1000-ზე მეტი ბინადარიდან  უმრავლესობა გადარჩა, თუმცა დაიღუპა თითქმის ყველა კატისებრი და სხვა მტაცებლები, მათ შორის ლომები და ვეფხვები, რადგან მათი ვოლიერები უფრო დაბლა, ვერეს ხეობის გასწვრივ იყო განლაგებული.

მაშინ ზოოპარკის აღდგენასა და ხელახლა გახსნას 3 თვე დასჭირდა.

რაც შეეხება ზარალს, გურიელიძე DFWatch-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დაღუპული თუ დახოცილი ცხოველების გამოკლებით, ზოოპარკის მაშინდელმა ზარალმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა.

სწორედ 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავიდოდა. ახალი ზოოპარკის მაკეტის ნახვა მერიის ფეისბუქ გვერდზე არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიასთან შედარებით, რომელიც სტიქიამდე 9 ჰექტარი იყო, შემდეგ კი გამომდინარე იქიდან, რომ ზოოპარკის ქვედა ნაწილი გამოუსადეგარი გახდა,  დაახლოებით,  5-6 ჰექტარი დარჩა, ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი გამოიყო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930