სოხუმში დიდი ზეიმია. შაბათს, 28 მაისს სტარტი აიღო 12 არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა – CONIFA, რომელიც 5 ივნისამდე გაგრძელდება და ეს მოვლენა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია მედიისა და სოციალური ქსელების მთავარ განსახილველ თემადაა გადაქცეული.
იმის გამო, რომ აფხაზი სპორტსმენები ვერც ერთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე ვერ ასპარეზობენ, ეს უმნიშვნელო შეჯიბრი აფხაზების უდიდესი ნაწილისათვის „მსოფლიო დონის“ სპორტულ მოვლენად ფასდება.
CONIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაცია) 2013 წელს შვედეთში შეიქმნა. ის აერთიანებს 36 სხვადასხვა – არაღიარებული ქვეყნების, ავტონომიური რეგიონების ან სახელმწიფოს გარეშე ხალხების საფეხბურთო გუნდებს, რომლებსაც FIFA არ სცნობს. მათ შორისაა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც.
კონიფამ 2014 წელს შვედეთში „მსოფლიო“ და 2015 წელს უნგრეთში „ევროპის“ საფეხბურთო ჩემპიონატები უკვე ჩაატარა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით სოხუმის ახლადაშენებულ სტადიონზე გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 11 გუნდი იანვარში კენჭისყრით შეირჩა და შემდეგ დაემატა 1 მასპინძელი – აფხაზეთი. ეს 11 გუნდია: ჩრდილოეთ კვირპოსიდან (კვიპროსის თურქული ნაწილი), ლაპლანდიიდან (ფინეთი), პადანიიდან (იტალიის ჩრდილოეთით), ერაყის ქურდისტანიდან, დასავლეთ სომხეთიდან, სომალილენდიდან (აფრიკა), ჩაგოსიდან (კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია), პენჯაბიდან (რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანში), ასევე იაპონიის კორეელები, რეტები (ავსტრია, გერმანია, შვეიცარიიდან) და ბოშები.
ტურნირზე მოსახვედრად კენჭიყრაზე უარი განაცხადა 2014 წლის პირველადგილოსანმა ნიცას საგრაფომ „ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის გამო“, ხოლო კუნძულმა მენმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს გვირგვინის ქვეშ მყოფი თვითმმართველი ტერიტორიაა, აფხაზეთში არ ჩასვლის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
აღსანიშნავია ის, რომ კონიფადან აფხაზებმა ამ ე. წ. მსოფლიო ჩემპიონატის „რესპუბლიკაში“ ჩატარება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 2015 წელს უნგრეთის ქალაქ დებრეცში ჩასასვლელად საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი პროტესტის გამო აფხაზეთის სპორტსმენებს ვიზები არ მისცეს. მაშინ აფხაზეთის მსგავსად უნგრეთიდან უარი მიიღეს სამხრეთ ოსეთმაც და ჩრდილოეთ კვიპროსმაც. ამ ფაქტმა სოხუმში დიდი აღშფოთება გამოიწვია და საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „რესპუბლიკის“ იზოლაციაში.
ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატი შაბათს, 28 მაისს სოხუმის ახლადაშენებულ „დინამოს“ სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ სოხუმში მიმდინარე ჩემპიონატზე სტატიები უცხოურ მედიაშიც იწერება, რაც ითვლება, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის აფხაზეთის გასაცნობად. მოსახლეობა ძირითადად აღფრთოვანებულია სანახაობით. თუმცა ასევე არის კრიტიკული კომენტარებიც. უპირველესად მოწინაღმდეგეთა უკმაყოფილებას CONIFA-ს „არაღიარებული“ ფორმატი იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ აფხაზეთი არ არის არაღიარებული რეგიონი, მისი დამოუკიდებლობა აღიარა გაეროს 4-მა წევრმა ქვეყანამ – რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ და ამიტომაც ეს ჩემპიონატი ამ აღიარებას და „რესპუბლიკის“ სტატუსს აუფასურებს. გარდა ამისა კრიტიკას იწვევს ახალი სტადიონის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების სიდიდეც. საუბარია იმაზე, რომ სოხუმში არსებობს ძველი, „დინამოს“ სტადიონი და შეიძლებოდა მისი რეაბილიტაცია, რაც უფრო იაფი დაჯდებოდა. ახალი სტადიონის მშენებლობა კი 658 მილიონი რუბლი დაჯდა (დაახლ. 10 მილიონი დოლარი ამჟამინდელი კურსით), რაც აფხაზეთივით ღარიბი ქვეყნისთვის გაუმართლებელი ხარჯია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.