ამბები

    ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე კონფერენცია გაიმართა

    by | Aug 6, 2016
    Murman margvela

    მურმან მარგველაშვილის შეფასებით, უნდა შეიქმნას მრავალმხრივი ჯგუფი, რომელიც ჰესებთან დაკავშირებით გასაფორმებელ ხელშეკრულებებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს (facebook)

    ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარება განიხილეს პარასკევს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი- მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელსაც სამინისტროების, საელჩოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    კერძოდ, შეხვედრაზე  ისაუბრეს: ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებზე, ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესაძლებლობებზე, სატარიფო პოლიტიკასა და მდგრადი განვითარების გამოწვევებზე.

    ძირითად პრობლემად  ენერგეტიკის მართვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა. კონფერენციის მონაწილეთა აზრით, ამის მაგალითია ის, რომ ენერგეტიკის ობიექტები ძირითადად სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო გარანტიებით შენდება. ეს კი არაეფექტურია და ბიუჯეტს ტვირთად აწვება. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომაც გრძელდება ისეთი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადება, რაც გამჭვირვალობას და ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 120-ზე მეტი  ჰიდროსადგურის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვად არის განსხვავებული. კონკრეტულად, ერთი კვტ-საათი ელექტროენერგის გაყიდვის საფასური 4.3-დან 10.5 აშშ ცენტამდე მერყეობს. განსხვავებულია საექსპორტო ხაზზე დაშვების პირობებიც. ასეთი შერჩევითი მიდგომა კი მრავალ კითხვას აჩენს, რომელზეც პასუხი არ არის.

    ენერგეტიკის საკითხებში სპეციალისტის, ანალიტიკური ცენტრ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორის, მურმან მარგველაშვილის შეფასებით,  უნდა შეიქმნას მრავალმხრივი ჯგუფი, რომელიც ჰესებთან დაკავშირებით  გასაფორმებელ ხელშეკრულებებს საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოიყვანს.

    მისივე თქმით, ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობაა აუცილებელი. საჭიროა  გამჭვირვალე საბაზრო სისტემების დანერგვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

    შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი მარიამ ვალიშვილიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, საქართველოს არ აქვს ლიბერალური ბაზარი, გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფები ყოველთვის ატარებდა სოციალურ ხასიათს და მისი რეგულირება ყოველთვის ენერგეტიკული სექტორის ნაწილი იყო.

    მისივე თქმით, ერთბაშად ბაზრის გახსნა ან ლიბერალიზაცია ჩვენს შემთხვევაში მიუღწეველია, თუმცა დაწყებულია მრავალმხრივი და რთული რეფორმები, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ „დიდ შედეგს“ გამოიღებს.

    „ჩვენ ვცდილობთ ახალი რეგულაციები უფრო კომერციული ხაზით  ევროკავშირთან დაახლოების ფორმატში შემოვიტანოთ, ეს შეეხება ახალი ჰესების მშენებლობას თუ ძველი ჰესების დერეგულირებას,“ – აღნიშნა ვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    შეხვედრაზე ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების საჭიროების შესახებ  დოკუმენტი და   ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს.

    ღონისძიება ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    December 2016
    M T W T F S S
    « Nov    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031