თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა ძალაში მისი წინამორბედის მიერ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ამის შესახებ იზორიამ ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნა რა, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„არცერთ, მათ შორის არც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებით არ მივსულვარ უწყებაში. გითხარით, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა, გარკვეული დროა კიდევ საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, პირველ რიგში, გაიგებთ თქვენ. ყველა კონკრეტული საკითხი, მათ შორის რეზერვიც, ასახული იქნება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ. ყველა ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული ამ სტრატეგიაში,“ -აღნიშნა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი 27 ივნისს, საჯაროდ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოაწერა.
მანვე განმარტა, რომ ამიერიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებთან მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც ჯარში აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა. ხოლო დანარჩენ 75%-ზე კი, რომელსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, ცვლილება არ გავრცელდება.
ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისგან კრიტიკის საგანი გახდა. ყველაზე მწვავე კრიტიკული განცხადებები დეპუტატებმა გააკეთეს, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, რომელმაც ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება ვიწროპოლიტიკურ პოლიტიკურ პიარად შეაფასა. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტი არაა – იქნება ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა თუ არა.
ხიდაშელის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვისაც.
პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მთავრობის დასტურს საჭიროებს და, ასევე, უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს.
მსგავსი მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტმაც.
„(მიუხედავად იმისა) ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, ის არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე,“ -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.