batumiiiბათუმში, .ბენზეს დასახლებაში,  საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში ოთხშაბათს დილით 11 საათზე  3 წლის გოგონა  ჩავარდა, მის დასახმარებლად კი აუზში მამა და 22 წლის მამაკაცი ჩავიდნენ,  რა დროსაც სამივე მათგანს დენმა დაარტყა.

მამა-შვილის დასახმარებლად აუზში ჩასული ახალგაზრდა მამაკაცი – ნიკა გოგრაჭაძე ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას  უგონო  მდგომარეობაში დახვდა. მისი მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა. მამა-შვილი  შედარებით უკეთ არიან. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრი პაქსაძემ განაცხადა, ელექტროტრამვის შედეგად 22 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია, ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება.

„ისინი დროულად ამოიყვანეს აუზიდან, თუმცა 22 წლის მამაკაცი მძიმედ, უგონო მდგომარეობაში იყო, რომელიც გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული”, – განცხადა პაქსაძემ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაშავებული მამა-შვილი უკრაინელი დამსვენებლები არიან. პატარა გოგონა 3 წლისაა. მათი თქმით, გოგონა შემთხვევით აუზში ჩავარდა, მის დახმარებას ჯერ მამა შეეცადა, მაგრამ ის ძალიან დაიბნა და ბავშვის ამოსაყვანად  აუზში უმალვე ნიკა გოგრაჭაძე ჩავიდა, რომელიც სასტუმროს მეპატრონის ახლო ნათესავია.

მათი თქმით, აუზიდან ელექტრომოწყობილობით წყლის ამოტუმბვა ხდებოდა. სწორედ ამ მოწყობილობიდან გადავიდა დენი წყალში.ა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.