„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი ოთხშაბათს დილით გაასაჯაროვა და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტი ხელმოსაწერად მალე პარტიებს გადაეგზავნებათ. ხოლო თუ ვინმე მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.
ქცევის მემორანდუმზე ხელმოწერაზე ოთხი ოპოზიციური პარტია კატეგორიულ უარს აცხადებს, ხუთი კი მზადაა შეუერთდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას უსაგნო დოკუმენტს უწოდებენ.
ხელმოწერას არ აპირებენ: „ნაციონალური მოძრაობა“; „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ , „ეროვნული ფორუმი“ და ლეიბორისტული პარტია.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ტუღუში ამ შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარ-აქციას უწოდებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს უამრავ დარღვევას, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მისი პარტია მემორანდუმს არ შეუერთდება.
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა.
„ეროვნულ ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძის თქმით, მათ დისციპლინის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, არ არსებობს საჭიროება პირობა დადონ, რომ ქვების სროლას არ აპირებენ.
რესპუბლიკური პარტია, ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, თარხან-მოურავი-ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ და „მრეწველები“ ხელმოწერაზე ყაბულს არიან.
ირაკლი ალასანიას თქმით, ეს ძალიან სუსტი დოკუმენტია, სადაც არ არის აღწერილი, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს პროცესის მშვიდობიან მართვაზე.
„ჩვენ თვითონ ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ასეთი დეკლარაციის. ის უფრო ყოვლისმომცველი იყო. მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება მათი ვალდებულებაა,” – განაცხადა ალასანიამ.
როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რესპუბლიკური პარტია ხელს აწერს ყველა მემორანდუმს, დეკლარაციას, კონვენციას, დაფიცებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ის ხელმოწერისაკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.
„მემორანდუმის ტექსტი ჩვენამდე არ მოსულა. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ კონსულტაციები არ იყო. მოვაწერთ ხელს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაგნო დოკუმენტია, ისევე როგორც ეს ხელისუფლება,”- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„მრეწველები“ კი ამბობენ, რომ დოკუმენტი მოწონთ და მას ხელს მოაწერენ.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, პარტიებმა კონტრაქციებზე უარი უნდა თქვან და იმ ადგილზე, სადაც ერთი პარტია ამომრჩევლებს ხვდება, სხვა ძალების მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ.
მემორანდუმის ტექსტი ასეთია:
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.