პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, აქციის დარბევასა და მომიტინგეების მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ–ი) ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე დაკითხვაზე დაბარებულია შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
საგანგებო განცხადება მთავარ პროკურატურაში სამშაბათს, 14 საათზე გაკეთდა და როგორც ბროფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხდა, გამოძიებამ აქამდე უცნობი ვიდეოკადრები მოიპოვა, რომელიც კუდ-ის ოპერატორის მიერაა გადაღებული და აუთენტურია.
პროკურატურა ამბობს, რომ კადრებით მტკიცდება, თუ როგორ გასცემს ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს მაღალ პრემიებს ჰპირდება. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები.
გამოძიების ინფორმაციით, 26 მაისს, იმდროინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დაიგეგმა “განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა, რათა დაუყონებლივ აღკვეთილიყო მიტინგი და აღარ გაგრძელებულიყო საპროტესტო გამოსვლები.”
ამ მიზნით, 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კუდ-ის და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დათა ახალაია და სხვა მაღალჩინოსნები.
დაახლოებით 00:10 საათზე, პირადად მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, საპოლიციო დანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. მომიტინგეებს განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში და შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე. (ვიდეო: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა)
პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას ბრძანება – „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, შესრულდა. პრემიის სახით მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა – 9000 ლარი, დავით ახალაიამ – 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა – 4135 ლარი.
რეალური ვითარების დამალვის მიზნით კი, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შსს-ის 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შს ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი.
პროკურატურის განცხადებით, წარმოდგენილი ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება.
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მისჯილი აქვს 4,5-წლიანი პატიმრობა.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.