კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ინფორმაციული კუთხით საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული უმცირესობებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის საკარანტინო ზომებისა და სხვა შეზღუდვების კომუნიკაცია იყო, რასაც მთელი რიგი ინციდენტები მოჰყვა, ნათქვამია უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკური საბჭო – უკრაინული პრიზმის“ კვლევაში, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ფეიკებსა და მითებს ეხებოდა.
კვლევაში სახელწოდებით „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუმინეთის დეზინფორმაციისადმი მედეგობა“ ნათქვამია, რომ მედიის თვალსაზრისით, დაფიქსირდა რუსულ მედიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ საინფორმაციო წყაროებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის რეტრანსლირებას ახდენდა. ამ დეზინფორმაციის უმეტესი ნაწილი უკავშირდებოდა ყალბ ამბებს საქართველოში აშშ–ს ლაბორატორიების შესახებ, რომლებმაც, სავარაუდოდ, „შექმნეს COVID-19“. ყველაზე პოპულარული ანტიამერიკული, ანტილიბერალური და ანტისაკარანტინო ნარატივები იყო.
ამავდროულად, პოლიტიკური კრიზისი და მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები უარყოფითად აისახა ინფორმაციულ გარემოზე პანდემიის დროს.
ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პანდემიის დროს გავრცელებული და ყველა შესწავლილ ქვეყანაში გამოვლენილი დეზინფორმაციული ნარატივების უმეტესობა არა მარტო წმინდად სამედიცინო საკითხებს ეხებოდა (მაგალითად, სიმპტომები, დიაგნოზები, მკურნალობა, მედიკამენტები), არამედ გეოპოლიტიკურ, შიდაპოლიტიკურ საკითხებსა და შეთქმულების თეორიებს.
ამ უკანასკნელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა 5G ქსელი, ვირუსი, როგორც მიზანმიმართულად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი, ბილ გეითსის მიერ გამოგონილი ვირუსი და ა.შ.
კვლევა ასკვნის, რომ დეზინფორმაციისადმი მედეგობის, ისევე როგორც საზოგადოებისა და მთავრობის რეაგირების ზომების მხრივ ლიდერობენ რუმინეთი, უკრაინა და საქართველო, თუმცა მათაც ჯერ არ მიუღწევიათ ყველაზე მაღალი ნიშნულისთვის. ამავე დროს, ყველაზე დაბალი შეფასება აზერბაიჯანმა, ბელორუსმა და მოლდოვამ მიიღეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.