გალში მცხოვრები ქართველები სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ხიდის ცალმხრივად გახსნას მიესალმებიან, თუმცა ანალოგიურ კორიდორს საპირისპირო მიმართულებითაც ითხოვენ. მართალია სოხუმის რეჟიმი არ იძლევა გალიდან ზუგდიდში გადასვლის უფლებას, თუმცა გალელები ფიქრობენ, ქართულ მხარეს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, გზას ორმხრივად ისინიც გახსნიდნენ.
ამბობენ, რომ უკან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 14-დღიანი კარანტინი უწევთ და ხშირად იძულებულნი არიან შავ გადასასვლელებს მიმართონ. მითუმეტეს, რომ გალიდან ზუგდიდში გადმოპარვა ბევრად უფრო იოლია და უსაფრთხო, ვიდრე პირიქით.
„მიმოსვლა დაშვებულია ცალმხრივად და არის რისკი გალში ჩარჩე. თუმცა იქიდან გალში გადმოპარვა ბევრად რთულია, ვიდრე აქედან ზუგდიდში. უბრალოდ, საქართველოს მთავრობას რომ გამოეჩინა ინიციატივა და [ენგურზე] სწრაფი ტესტი ჩაეტარებინა, ვფიქრობ, აფხაზებიც გახსნიდნენ აქედან გზას. ახლა რომც გახსნან, იქით 14 დღე კარანტინი გვიწევს და რა აზრი აქვს. რაც არის იმით ვართ კმაყოფილი“, – აცხადებს სოფელ თაგილონის მკვიდრი მამაკაცი, 32 წლის რ.გ.
„ხიდის ცალმხრივად გახსნაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით გავიგეთ. ტესტის უარყოფითი პასუხია საჭირო, თუ შევძლებთ გაკეთებას, წავალ. მშობლები იქ მყავს, ციტრუსის მოსავალი მაქვს ასაღები. სამი თვეა არ ვყოფილვარ. თუმცა მეორე საკითხია, უკან როგორ მოვახერხებ დაბრუნებას, რადგან გზა მხოლოდ ცალმხრივად იხსნება, აქეთ ცოლ-შვილი მყავს, მათაც ვერ დავტოვებ დიდი ხნით. თუ ჩარჩენის საფრთხე იქნება, ალბათ წასვლაზე დავფიქრდები,“ – აცხადებს DFWatch-თან სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი ლ.ჯ.
ცნობისთვის, აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის საბაბით, საქართველოში ვირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჩაკეტა.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების აფხაზეთში დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი რამდენიმე თვეში ერთხელ იხსნება.
ჰუმანიტარული კორიდორით ენგურის გამშვებ პუქნტზე მხოლოდ 22-24 ივნისს 907-მა აფხაზეთში მცხოვრებმა ისარგებლა.
ამჟამად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის გამშვები პუნქტი 3-დან 10 დეკემბრამდე ისევ ცალმხრივად გახსნა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხიდი სამკურნალოდ გასული აფხაზეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად გაიხსნება.
მათივე ცნობით, აფხაზეთში შემსვლელ ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს ე.წ. კოვიდუარყოფითი ცნობა, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ არაუმეტეს 72 საათით ადრე არის გაცემული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.