მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეჟიმის ულტიმატუმი არ შეასრულა, ამას კონფლიქტის ზონაში გართულებები პარასკევს არ მოჰყოლია. სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელ წნელისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მართალია ის უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ამავე დროს, ქართული ბლოკ-საგუშაგოს პირისპირ ცხინვალი თავად აგებს პოსტს. როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მისი მიზანი სოფელ უისტას (წნელისის ოსური დასახელება) მაცხოვრებლების დაცვაა.
ცხინვალის რეჟიმი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ბლოკ-საგუშაგოს აღებას. ამტკიცებს, რომ ის წნელისის მაცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის და, გარდა ამისა, მათ ტერიტორიაზეა შეჭრილი.
საქართველო ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პოსტის აღების საკითხი არც კი განიხილება.
ხუთშაბათს ოკუპაციურმა რეჟიმმა ადგილზე კგბ-ესა და ომონის სპეცდანიშნულების რაზმების მიიყვანა და ქართულ მხარეს ულტიმატუმის ენით მოთხოვა, პოსტი პარასკევს დილის 6 საათამდე გაეუქმებინა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნა არ შესრულდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ტონი შეარბილა. ამტკიცებს, რომ ულტიმატუმი საერთოდ არ ყოფილა და მათი განცხადებები მედიის მიერ არასწორად იქნა აღქმული.
“ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს – ქართული ბლოკ-პოსტი, რომელიც სიტუაციას ამწვავებს, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე დათმობაზე ჯერჯერობით არ მოდის,” -განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა.
„ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული. თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნას შეთანხმება. მომავალ კვირას გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ, რომელიც წნელისის შეხვედრას ესწრებოდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.