სატრანსპორტო ნაკადის მკვეთრი მომატების გამო რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგებია. შაბათს რუსეთის მხარეს რიგში, სულ მცირე, 600-მდე მანქანა იდგა. თუმცა პრობლემებია საქართველოს გამშვებ პუნქტთანაც. ამის გამო შსს იძულებული გახდა, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაეყვანა.
საქართველოში შემომსვლელთა ნაკადის ზრდა, ერთი მხრივ, ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი რუსეთში დაწყებულ მაისის უქმეებს.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წარმოქმნილ რამდენიმეკილომეტრიან რიგზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის ავტორის თქმით, რუსეთიდან საქართველოში მიმავალი ტურისტების ავტომანქანების რიგმა 10-კილომეტრიანი ხერგილი წარმოქმნა, რის გამოც ტურისტებს 10-13 საათის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.
გარდა მგზავრთა ნაკადის მატებისა, პრობლემა საქართველოს მხარეს შაბათს წვიმებმა და ღვარცოფის საშიშროებამაც შექმნა, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო, თუმცა კვირას დილით გაიხსნა და მოძრაობა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად აღდგა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.