მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთიანდება, მწერლები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მმართველი გუნდის ერთგვარ შურისძიებად აღიქვამს. ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მანამ, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგნენ.
მიიჩნევენ, ეს არის ხელისუფლების რეაქცია მათ მიერ სხვადასხვა საკითხებზე გამოხატულ სამოქალაქო პოზიციებზე.
„კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ, მონობა არაა დასაძრახი, თუკი ძალით დაგიმონეს, მაგრამ თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები, და შეუძლებელია, რაიმე გაკავშირედეთ კულტურასთან, რადგან კულტურა, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებაა.
„წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც ამჯერად „მიჯირყვნეთ“, ორი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო ლიტერატურისა და წიგნიერების მიმართულებით. მათ შეძლეს და მთელი მსოფლიოს თვალში აღადგინეს საქართველოს გვარიანად შელახული რეპუტაცია, შელახული – პირველ რიგში – თქვენი და თქვენი ბოგანო პატრონის მიერ.
„ბატიაშვილზე არაფერი ვიცი გარდა ერთისა – გვარი გაამართლა!“ – წერს ფეისბუქში პოეტი ზვიად რატიანი.
„პირდაპირ არიან დასჯის მეთოდზე გადასულები. გუშინ იყო საუბარი, მწერლების შემთხვევაში, თითქოს, ერთგვარ შურისძიებას ჰქონდეს ადგილი იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ყველაზე მწვავედ, ყველაზე აშკარად და მკაფიოდ, თითქმის, ყველა თემაზე მწერლები აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას და რაღაცნაირად წარმოიდგინეს, რომ ეს არის ერთგვარი სტოპ-წამალი,“ – განაცხადა მწერალმა ნენე კვინიკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანის აზრით, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი კონტროლის მექანიზმია და მთავრობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნებისმიერ დეტალში საფრთხეს ხედავს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას ოპტიმიზაციით ხსნის. სამინისტროს ინფორმაცით, კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.