(1tv.ge)

გალის რაიონიდან, ახალ საწავლო წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 130 სტუდენტი გააგრძელებს. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 256 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

„256 აბიტურიენტიდან 130 ჩაირიცხა და სწავლას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ. ეს რიცხვი სექტემბრის ბოლომდე, შესაძლოა, რამდენიმე სტუდენტით გაიზარდოს, რადგან არიან ისეთებიც, ვინც რეგისტრაცია ონლაინ გაიარა და ჩვენთან ახლა ავსებენ განაცხადს. გარდა ამისა, გალის რაიონის ძველი საზღვრების სკოლების კურსდამთავრებულების ნაწილი  სწავლას  სოხუმშიც აგრძელს“, – ამბობს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან დღემდე, გალის რაიონში სკოლა 4 237 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 458 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტი კი 1 137 გახდა.