„კარი შეღებული დამხვდა და დავინახე პატარა ქალაქი სოფელში, პირველში ცხოვრობენ, მეორეში კი ცოცხლობენ“, – ასე ეხმაურება გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 19 წლის მკვიდრი მ.ა. რუსული სამხედრო ბაზების არსებობას მის სოფელში.
„ახლა სახლში ვარ, აფხაზეთში. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, სახლში ვიყავი. მისი პატარა სახლის გვერდით დიდი რუსული ბაზაა, რომელსაც მაღალი კედელი აკრავს და იზოლირებულია „პატარა ადამიანების“ სამყაროსგან. გვერდით როცა ჩავუარე, კარი შეღებული დამხვა და დავინახე მათი პატარა ქალაქი სოფელში. დიახ, ერთი სამყარო მეორეში და ამან გამაბრაზა, ძალიან გამაბრაზა. რატომ?!.. ვუყურებდი ჩემს წინ არსებულ ორ პარალელურ სამყაროს. იცით რა განსხვავებაა მათ შორის?! პირველში ცხოვრობენ, ხოლო მეორეში ცოცხლობენ,“ – წერს მ.ა. თავის ფეისბუქ-პოსტში.
DFWatch დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ რუსი სამხედროების ოჯახები ამ ბაზებში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გალის ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათ შორის ზემოთმოყვანილი პოსტის ავტორსაც.
„სამხედრო ბაზებს დიდი გალავანი აკრავს, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სრული ინფრასტრუქტურაა საიმისოდ, რომ ადამიანმა გარესამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე იცხოვროს. ბავშვთა გასართობი მოედნები, ხეები, მოკლედ, ყველაფერი ადგილზე აქვთ. გარეთ გამოსვლას ერიდებიან, ვფიქრობ, ერთგვარი შიშის ფაქტორია. იშვიათად თუ ნახავთ და ისიც იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში მ.ა.
განსხვავებით გალის დაბალი ზონის სოფლებში არსებული ბაზებისგან, სოხუმში არსებულ ბაზაზე მცხოვრები ოჯახები საკმაოდ აქტიურად მოძრაობენ ქალაქში.
„სოხუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზაა, ბაზის გვერდით გასცემენ იმ საბუთებს, რომელიც იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას გვჭირდება-ხოლმე (ე.წ. ვიზა და „ვიდ ნა ჟიტელსტვო“), ამიტომ ხშირად გვიწევს იქ ყოფნა და გამომდინარე იქედან, რომ დიდი რიგებია, დიდ დროსაც ვატარებთ. ხშირად ვხედავთ რუსი სამხედროების მეუღლეებს, ზოგი მარტო, ზოგიც შვილებთან ერთად. ბავშვებს ასეირნებენ ეტლებით, ზღვაზე დადიან, ქალაქში სეირნობენ. შიშის ფაქტორი იქ, როგორც ჩანს, არ არსებობს, განსხვავებით სოფლებისგან. სოხუმში თავისუფლად გადაადგილების ქართველებს უფრო ეშინიათ, ვიდრე მათ“, – გვიყვება გალის მკვიდრი 29 წლის ი.ა.
DFWatch-თან საუბარში ის ერთ სახალისო ისტორიასაც იხსენებს.
„სოხუმში გვინდოდა წასვლა, დათვალიერება და, რა თქმა უნდა, ბანაობაც. სტუმარი გვყავდა და მასაც ძალიან აინტერესებდა სოხუმი. მამას ვთხოვეთ წავეყვანეთ. დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ დავიყოლით, მაგრამ კონფლიქტი ჩაცმულობას მოყვა. როგორც ზოგადად ხდება, ზღვაზე მივდიოდით და საცურაო კოსტუმი და შორტები გვეცვა, მამამ უკან შეგვაბრუნა და ფაქტობრივად, კარგად ჩაცმულ-დახურულები წაგვიყვანა. სწორედ იმ სამხედრო ბაზის წინ მოგვიწია გაჩერება, სადაც ჩვენი მოსახლეობა საბუთებს იღებს. სულ რაღაც ნახევარი საათი დავყოვნდით, ამ დროის განმავლობაში კი უამრავმა სამხედროს ოჯახმა ჩამოიარა. მოკლე შორტებით, კაბებით, აბსოლუტურად თავისუფალი ჩაცმულობით. მე გავიკვირვე და რა თქმა უნდა მამას ვუთხარი, ამათ ფონზე, ჩვენ რატომ არ ჩაგვაცვა შორტი. მამამ გვიპასუხა: „მაგათ ეტყობათ, ვისი ოჯახებიც არიან, ზედმეტს ვერავინ გაუბედავს, თქვენ კი სახეზე გაწერიათ, რომ ქართველები ხართო. ზღაზე რომ გავედით, მამას სიტყვები გამართლდა. მკაცრი, აგრესიული მზერა მოდიოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თბილისელ სტუმარს ქართულად გავესაუბრეთ“, – იხსენებს ი.ა.
შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო ბაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო. რუსული სამხედრო დასახლებები მდებარეობს ფიჩორში, ოტობაიაში, ნაბაკევში, თაგილონში, ჭუბურხინჯში, საბერიოში, ოქუმში, ლეკუხონაში, გუდაუთაში, გალში, სოხუმსა და ოჩამჩირეში, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.