სოფელ კოდასთან, საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობას და იქ მყოფ აქტივისტებს უთვალთვალებენ.
ინფორმაციას და ფოტოებს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ეს მოძრაობა ერთი წლის წინ, 2017 წლის ივნისში შეიქმნა. მისი წევრები ოკუპირებული ტერიტორიების ზოლზე პატრულირებენ და იქ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციასა და ფოტოებს ავრცელებენ.
როგორც ერულავა „ფეისბუქში“ წერს, რუსებმა კოდასთან ბლინდაჟში მონაკულარი დადგეს. მასთან სამხედროები მორიგეობენ და საოკუპაციო ხაზთან მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებენ.
„თუ ეს აქტივობა ისევ გაგრძელდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ისინი შემდგომი აქტიურობისთვის ემზადებიან და ხელახალი ოკუპაციის გასაგრძელებლად,“ – აცხადებს ბერულავა.
ორგანიზაციის წევრების თქმით, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ხშირად გადმოდიან, ადგილობრივ მოსახლეობას იტაცებენ და მხოლოდ 2000 რუბლის (76 ლარი) გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
ცხინვალის რეჟიმმა ივნისში გაავრცელა ცნობა, რომ ქმნიან კომისიას, რომელმაც ე.წ. საზღვრის დემარკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს, კერძოდ ის, მავთულხლართების გავლების შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რატომ აღმოჩნდა „სამხრეთ ოსეთის მიწები“, მათ შორის „წიაღისეულით მდიდარი“ და „ტერიტორიები უკან უნდა დაიბრუნონ“. ცხინვალის რეჟიმის ინიციატივა გულისხმობს, რომ ქარელის რაიონში მდებარე დოლომიტის მომპოვებელი კარიერი და კოდა-აბანოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი მათ საზღვრებში მოექცეს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი მოექცევა და კოდა სხვა სოფლებს მოწყდება, რადგან ეს ერთადერთი გზაა. ცხინვალის რეჟიმის ამ განაცხადის შემდეგ სოფელ კოდასთან რუსი სამხედდოების პატრულირება გაძლიერდა და სოფელში შიშით ელიან მავთულხლართების გაბმას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.