(Newscaucasus.com)

დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

„შარშან მოსავალი სრულად გაანადგურა, ვებრძოდით ყველანაირი ხერხით, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ შედეგი მხოლოდ ის გვქონდა, რომ მათგან მხოლოდ სახლები გავწმინდეთ. გარეთ, ყანებსა და მინდვრებში, მასთან ბრძოლა ჩვენი რესურსით ძალიან ძნელია. სახელმწიფოს მხრიდან გადმოცემული წამლითა და ტექნიკით თხილის პლანტაციები შევწამლეთ მხოლოდ ერთხელ, თუმცა შედეგი არც ამას ჰქონია, რადგან ერთჯერადი შეწამვლა შედეგს არ იძლევა. სახლებში, სადაც რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, თითქმის ყოველ კვირა გვიწევს შეწამვლა, სხვაგვარად აზრი არ აქვს“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა ტ.დ.-მ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტექნიკა და შესაწამლი აპარატები, რომელიც გასულ წელს გალის რაიონს სახელმწიფოსგან გადაეცა, ერთ სახლშია მობილიზებული და მოსახლეობას მისი გამოყენების საშუალება არ აქვს. გალელები შესაწამლი ნივთიერების სიმწირესაც უჩივიან.

როგორც DFWatch-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა განუცხადა, ისევე როგოც გასულ წელს, ამჟამადაც მოსახლეობას საჭირო წამლებითა და ინვენტარით მოამარაგებენ.

„გასული წლის მაგალითზე გეტყვით, რომ გადავეცით მატერიალური ფასეულობები, პესტიციდი, დამჭერი, შემასხურებელი აგრეგატი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რითაც მათ განახორციელეს შესაბამისი სამუშაოები. მიმდიარე წელსაც დაგეგმილია იგივე“, – აღნიშნა მან.

გარდა შეწამვლისა, მოსახლეობა სახლის პირობებში სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

„სანამ დღე ტემპერატურა აიწევს, ფანჯრებთან ფარდებზე არიან მიმჯდარი, წყლით სავსე ბოთლით ვეპარებით და მაგაში ვყრით. სხვათაშორის წყალში დაახლოებით ორი საათი არ კვდებიან. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ სუნი არ აუვიდეს. ასევე ვიყენებთ წებოვან ქაღალდებს, თუმცა ბევრს არ იკრავს. ეს მხოლოდ სახლის პირობებისთვის თუ გამოდგება“, – აცხადებს სოფელ თაგილონში მცხოვრები ი.ა.

აღსანიშნავია, რომ წელს, ფაროსანას პრობლემამ რუსეთის ხელისუფლების ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც აფხაზეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად, აფხაზ მოსახლეობას ხოჭოს შეგროვება და ფულის სანაცვლოდ ჩაბარება შეთავაზეს. კერძოდ, 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუსულ რუბლს იხდიან (38 ლარი).

ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩანს, აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში და, როგორც  ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ჩაბარების ადგილებში რიგიც კი დგას.

„გამოსულები არ არიან ჯერ ისე ბლომად, რომ კილოობით შეაგროვო, თუმცა გამოზამთრების ადგილებში საკმაოდ ბევრია. თუ ეს ხელმისაწვდომ ადგილასაა, მათი მოგროვება არც ისე ძნელია. მოვაგროვე, ჩავაბარე და ფულიც ავიღე“, – აცხადებს სოფელ სიდას მკვირდი ქალბატონი, რომელმაც, როგორც ამბობს, 9 კილოგრამი ფაროსანა ჩააბარა.

გამოსაზამთრებელ ადგილებამდე მისაღწევად, ადგილობრივები ზოგჯერ სახლის კედლებსაც შლიან.

„ხის სახლებში, ძირითადად კედლებში არიან დამალულები, მოვხსენით ფიცრები და რამდენიმე კილო მარტო იქ იყო დამალული. ძირითადად მაინც ჩვენი რესურსით გვიწევს ამ მავნებელთან ბრძოლა და როცა ფულს იღებ, ბევრად მეტია სტიმულიც. ზოგიერთებმა ტომრებით ჩააბარეს. ვნახოთ, წელს რა შედეგს მოგვცემს ბრძოლის ხერხები“, – აღნიშნავს სოფელ სიდას მკვიდრი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის გამო, გალელებმა თითქმის ვერ აიღეს თხილის და სიმინდის მოსავალი. ნაწილობრივ გაფუჭდა ხეხილის ბაღები და ბოსტნეულიც.