ცხინვალის რეჟიმის ე.წ. არმია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდა და ამ შეთანხმებას ხელი რუსეთის სათათბირომ 24 იანვარს უკვე მოაწერა. საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის არის მორიგი პროვოკაცია და საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგი უკანონო ქმედება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის გზით, მოსკოვი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს, აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას…
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციები, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობა, მათ შორის, თავისი სამხედრო შენაერთების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე.
„მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკა და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურად ჯიოევი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს არის გარანტია რომ სამხედრო აგრესიისგან იყვნენ დაცულები.
„ეს შეთანხმება მიმართულია ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაძლიერებთ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და ეს შეთანხმება საფრთხეს არ უქმნის ჩვენი რესპუბლიკის სტატუსს. პირიქით, ის იქნება გარანტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი დაცული იქნება სამხედრო აგრესიისგან,”- განაცხადა ჯიოევმა.
ცნობისათვის, 2017 წლის მარტში რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილის რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შეყვანას გულისხმობს. 2018 წლის 24 იანვარს კი რუსეთის სახელმწიფო დუმამ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმება ითვალისწინებს სამხრეთელი ოსების რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით.
ცხინვალის “გენშტაბის უფროსი” ნიკოლაი ფიოდოროვი აცხადებს, რომ ოსი სამხედროები ძირითადად იმსახურებენ სამხრეთ ოსეთში განლაგებულ 4 რუსულ სამხედრო ბაზაზე, ექნებათ მაღალი ხელფასი და მიიღებენ სრულ სოციალურ პაკეტს, რაც გააჩნია რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეს.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება რეგიონში უსაფრთხოებას გააძლიერებს და ამასთან, მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება გააუმჯობესებს „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ აღჭურვილობას უახლესი იარაღითა და ტექნიკით.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.