„ჩემი უფროსი ქალიშვილი თალასემიითაა დაავადებული. როცა დიაგნოზი დაუსვეს, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა და ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვი ახლონათესაური ქორწინების შედეგად იბადება. მე ჩემს ბიძაშვილზე ვარ გათხოვილი. თავის დროზე რომ მცოდნოდა, რა რისკთან იყო ეს დაკავშირებული, ბიძაშვილზე არ გავთხოვდებოდი და ახლა ჩემი შვილიც არ დაიტანჯებოდა,” – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები საადათ გასანოვა.
ნათესავზეა დაქორწინებული მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები 56 წლის სანუბარ მამადოვაც, მისი ერთი ქალიშვილი კი მისავე დისშვილზეა გათხოვილი. „არც ჩემს შვილებს და არც შვილიშვილებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არა აქვთ. ორ შვილიშვილს აქვს ანემია, ანემია კი ახლა ყველას აქვს. ახლონათესაური ქორწინება ჩვენში ყოველთვის არსებობდა და ამის წინააღმდეგი არავინ იყო. მაგის გამო ჯანმრთელობის პრობლემა არავის ჰქონია და არც ახლა ექნება ვინმეს. რომელიმე დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლოა, ისეთ წყვილსაც გაუჩნდეს, რომლებიც ნათესავები არ არიან,” – ამბობს სანუბარი.
საქართველოს მოსახლეობის 3,5% თალასემიითაა დავადებული. მედიკოსები ამბობენ, რომ ეს დაავადება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, ყველაზე ხშირად ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ვლინდება. მიზეზი – ახლონათესაური ქორწინებაა.
თანამედროვე მედიცინაში თალასემიის რამდენიმე ფორმაა ცნობილი. ამ დაავადების დროს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების ცვლისა და განახლების პროცესი ირღვევა. შესაბამისად, თალასემია ხშირად ვლინდება ანემიის სახით.
არსებობს დიდი და პატარა თალასემია. თუ ორივე მშობელი თალასემიის გენის მატარებელია, რაც ახლო ნათესავებში ძალიან ხშირია, დიდია რისკი, რომ მათ შვილს დიდი თალესემია ჰქონდეს. როცა მხოლოდ ერთ-ერთი მშობელია თალასემიის მატარებელი, ბავშვებში პატარა თალასემია გვხვდება. პატარა თალესემია დიდისგან განსხვავებით შედარებით იოლი ფორმაა.
თალასემიის მძიმე ფორმით დაავადებულთათავის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ერითროციტების რეგულარული გადასხმაა. დაავადებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ პროცედურის ჩატარება თვეში ერთხელ ან ორჯერ არის საჭირო. გადასხმისთანავე სისხლში რკინის დონე მატულობს, რაც ღვიძლს და ელენთას აზიანებს. სისხლში არსებული ზედმეტი რკინის დოზის დასაწევად დამატებითი მკურნალობაა საჭირო. თალასემიის სრულად განკურნება მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვითაა შესაძლებელი. ასეთი ოპერაციები კი საქართველოში არ ტარდება.
ახლონათესაური ქორწინების დროს ძალიან დიდია რისკი, რომ ორივე მშობელი ერთი და იმავე დაავადების განმსაზღვრელი რეცესიული გენის მატარებელი იყოს და მათი შვილი რომელიმე მემკვიდრეობითი დაავადებით დაიბადოს.
ახლონათესაური ქორწინება გავრცელებულია მუსლიმებს შორის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში: ყურანი ახლონათესაურ ქორწინებას არ კრძალავს. ასე მაგალითად, ეგვიპტეში მოსახლეობის 40% ნათესავზეა დაქორწინებული. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს და არავინ იცის, მოსახლეობის რამდენი პროცენტი იმყოფება ახლონათესაურ ქორწინებაში.
ასოციაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა გაერთიანების” თავმჯდომარე ლეილა მამადოვა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლო ნათესავები ერთმანეთზე ქორწინდებიან, არის ის, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ და ენდობიან და ოჯახში “უცხოს” შემოშვება არ უნდათ. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი: ბევრ ოჯახს არ უნდა, რომ მისი ქონება ახლო სანათესაოს ფარგლებს გარეთ გავიდეს.
„როცა ახლო ნათესავები ქორწინდებიან, ხშირად არ იციან, რომ მათი შვილები, შესაძლოა, მემკვიდრეობითი დაავადებებით დაიბადონ. ინფორმირებული ადამიანი, რომელიც მომავალზე და შვილების ჯანმრთელობაზე ფიქრობს, ცხადია, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს,” – ამბობს ლეილა მამდოვა.
მარნეულის საავადმყოფოს ექიმი, პაატა ხოლუაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალმა წყვილმა ქორწინებამდე სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს: „ახლონათესაურ ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებში შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა თალასემია, მიკროცეფალია… ინტერნეტის ეპოქაში ხალხს მეტი ინფორმაცია აქვს ახლონათესაური ქორწინების თანმდევი რისკების შესახებ და მათი რაოდენობა ახლა შემცირებულია. ხშირად ჩვენ, ექიმებიც ვაძლევთ მომავალ წყვილს ინფორმაციას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის გამართლებული. კარგი იქნება, რომ წყვილმა ქორწინებამდე სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. თუ ორივე მშობელი თალასემიის მატარებელია, ძალიან მაღალია შანსი, რომ მათი შვილი დიდი თალასემიით დაიბადოს.“
ექიმისგან განსხვავებით, ლეილა მამადოვა ფიქრობს, რომ ახლონათესაური ქორწინების თანმდევი რისკების შესახებ ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირების დონე დაბალია და სახელმწიფოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
ნურანა მამადი
სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.