სოხუმის რეჟიმი ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, რომ დანარჩენი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს და პლუს, აფხაზეთში აკრძალული საქონლის შეტანა აკრძალოს.
ამის შესახებ განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ცვინარიამ გააკეთა.
„თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ენგურის საზღვართან უნდა მუშაობდეს საბაჟო“, – ამბობს ცვინარია.
მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელის შემოტანაც ზუგდიდიდან უნდა აიკრძალოს.
დღესდღეობით აკრძალულია ციტრუსის, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეტანა და მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს სია, ხოლო დანარჩენ საქონელზე გადასახადი დაწესდეს, მიიჩნევს ის.
“არავინ იცის, რამდენია საქართველოდან შემოსული ტვირთის მოცულობა, არანაირი აღრიცხვა არ ხდება. უნდა მოხდეს ენგურთან საზღვრის შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვა. უნდა გაფორმდეს ტვირთი ისე, როგორც საჭიროა და საბაჟო კომიტეტმა იმუშაოს კლასიკური გაგებით,“ – აცხადებს ცვინარია. საკითხი „დეპუტატებმაც“ დააყენეს, თავადაც უკვე მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციას წერილით, „საბაჟო პუნქტის“ გახსნის მოთხოვნით და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს აუცილებლად დადებითად გადაწყდება.
თვენახევრის წინ ცხინვალის რეჟიმმა დაანონსა, რომ „ქართული ტვირთის“ გასაკონტროლებლად ე.წ. საბაჟო პუნქტს აუცილებლად გახსნიდნენ და სპეციალურ გადასახადსაც დააწესებდნენ.
როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით პროდუქტების დიდი უმეტესობა დანარჩენი საქართველოდან შედის. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია „ოფიციალურად“ არ იბეგრება, ყველა ის ადამიანი, ვისაც სავაჭროდ მიაქვს ტვირთი, „საზღვარზე“ არაოფიციალურად იხდის ფულს. გალისა და ახალგორის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს „ოფიციალური“ გადასახადი მათ ცხოვრებას უფრო გაუძვირებს, „ქრთამს“ მაინც მოითხოვენ და პლუს, ბაჟის საფასურსაც გადაახდევინებენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.