არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მარნეულში არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევის არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია 8 ივლისს მომხდარ 16 წლის გათხოვილი, ორსული გოგონას გაუპატიურებაზე. მისი ოჯახის წევრების ცნობით, გოგონაზე ოჯახის ნათესავმა და მეზობელმა, 47 წლის მამაკაცმა დანის მუქარით იძალადა.
ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი კი ისევ დაუსჯელია და მისი მიმალვის საფრთხეც არსებობს.
შს სამინისტროში DFWatch-ს უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოძიება ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს ელოდება.
რაც შეეხება დაზარალებულის ოჯახის განცხადებას, რომ ბრალდებული შეიძლება მიიმალოს, როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ამის თავიდან ასაცილებლად მის მიმართ შესაბამისი სამეთვალყურეო ღონისძიება ტარდება.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კი DFWatch-ს უთხრეს, რომ კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და ის, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს არ აქვს ცალკე სტატისტიკა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის შემეთხვევების შესახებ. თუმცა, უწყების ოფიციალური მონაცემებით , 2014 წელს როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური სახის დანაშაულის (იგულისხმება სსკ-ის 137-ე მუხლიდან 141-ე მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული დანაშაული) 131 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 41 იყო გაუპატიურება.
2015 წელს კი 274 ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც გაუპატიურების ფაქტი ისევ იყო 41.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან 80, 2015 წელს კი – 189 შემთხვევა გაიხსნა.
ამ მიმართულებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სფეროში არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც DFWatch-თან საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ თქვა, ძირითადი პრობლემებია შემთხვევათა გამოვლენა-იდენტიფიცირება (მითუმეტეს თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება), ამ შემთხვევების მართვა, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ასევე გამოვლენილი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება.
სხილაძის ცნობით, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ზუსტი მონაცემები მათ ოფისსაც არა აქვს, თუმცა შსს-დან გადაგზავნილი მონაცემების თანახმად, გასული წლის 2 თვის განმავლობაში არასრულწლოვანის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წლის მონაცემებით კი ასეთი სულ 80 შემთხვევა იყო. რომელთაგან 70%-ზე სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.