constitutional court

(RFE/RL)

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, პოლიტიკური ძალების მხრიდან ურთიერთ-ბრალდებები გრძელდება.

როგორც ოთხშაბათს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, გია ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ განაცხადეს,  “ქართული ოცნების“  შეფასებით, სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს – კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომლებიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. მაგალითად,  “რუსთავი 2“-ისა და ე.წ. “კაბელების საქმეზე“. როგორც ჩანს, არსებობდა წინასწარი შეთანხმება სარჩელის შემომტანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლესა თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებით გასაჩივრებული მუხლების მითითებით იმ ნორმების გაუქმება მომხდარიყო, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად,“ – აღნიშნა ბესელიამ.

თავის მხრივ ამ ბრალდებას “უტიფარს” უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, იურისტი ოთარ კახიძე და აღნიშნავს, რომ  „გაუმართლებელია “ნაციონალური მოძრაობის” დადანაშაულება იმაში, რასაც ”ქართული ოცნება” თავად აკეთებს“.

”ყველასთვის ნათელია, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოსამართლეებზე განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მოსამართლეებმა მოითხოვეს საქმეების განხილვის უფლება პროკურატურას გადასცემოდა, ამით პრაქტიკულად ქმედუუნაროდ გამოაცხადეს საკუთარი თავი. ეს შედეგი იყო იმ თავდასხმისა, რომელიც სასამართლოზე განხორციელდა და რომლითაც  კანონში ცვლილებები მიიღეს,“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალეულობაზე ისაუბრეს დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი ცდილობდა, რომელსაც კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი” უწოდა.

„ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა, პირველ რიგში, მისმა თავჯმდომარემ. განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი,“-ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა  21 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდისა და დღეების განმავლობაში  მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ცალკეულ მოსამართლეებზე – მათ და მათი ოჯახის წევრებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. განცხადების შემდეგ პაპუაშვილს პროკურატურამ მიმართა, რომ მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მისულიყო პროკურატურაში, სადაც მისი გამოკითხვა მოხდებოდა. თუმცა პაპუაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ ფაქტებს პირადად გააცნობდა პრეზიდენტსა და პრემიერს, რადგან პროკურატურის იმედი არ ჰქონდა.

ამის შემდეგ, 25 ივლისს, პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგაც ქვეყანაში შექმნილი  წნეხის „საშიში ტენდენციებზე“ ისაუბრა. მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.

პრეზიდენტის ამ სკანდალურ განცხადებას არანაკლებ სკანდალური პასუხი გასცა ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, გაუჩნდა განცდა, თითქოს პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული.

პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.  თუმცა, გამოძიების შუალედური შედეგების თანახმად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას.