საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით გაოცებულია და ძალიან წუხს, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს.
ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ორშაბთს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როდესაც კარასინმა გააკეთა განცხადებები, ფიზიკურად იქ არ იყო, რათა მყისიერად გაეცა პასუხი, მის მიერ ნათქვამი „ჭკუით უნდა მოვიქცეთ“ კი ნახევრად ხუმრობა იყო.
პრაღაში წასვლამდე კი პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა და სასაუბრო თემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, და მზად არის, თუკი ამის სურვილი ექნება, პრეზიდენტსაც შეხვდეს.
მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ სრული წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება ყველა უწყებას, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უშიშროების საჭოს.
„სამწუხაროა, რომ ბატონ პრეზიდენტს საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი გუშინ დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. მას ან მის წარმომადგენლებს რომ ჩვენი ინფორმაციისთვის მოესმინათ, მე მათ ავუხნიდი, რომ როცა კარასინმა თავისი განცხადებები გააკეთა, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, ამიტომ არ მქონდა საშუალება ჩემი კოლეგისათვის მყისიერად მეპასუხა”, – აღნიშნა აბაშიძემ და დასძინა, რომ მას აუცილებლად ექნება საუბარი გრიგორი კარასინთან იმ განცხადებებზე, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა.
„ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩნდა ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად, ჟურნალისტისთვის ნათქვამზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჭკუით უნდა მოვიქცეთ. როდის აქეთ გახდა ჭკუით მოქცევა პოლიტიკაში საეჭვო ან ცუდი?” – აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა კვირას პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას რომ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე.
ოთხშაბათს, 16 მარტს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია. ამის საპასუხოდ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება”.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.