სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.
„ტერორისტული აქტების შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა გამკაცრებულია, მათ შორის საზღვრებზე, აეროპორტებში და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე“, – განაცხადა DFWatch-თან საუბრისას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა. მანამდე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ცნობები „2030“-მა გაავრცელა.
როგორც ნინო გიორგობიანი DFWatch-თან აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც წესი, ევროპაში მომხდარი ყველა ტერორისტული აქტის შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომას ამკაცრებს. ამასთანავე, გიორგობიანი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ზომები მკაცრდება.
სამშაბათს, 22 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში აეროპორტსა და მეტროპოლიტენში ტერორისტული აქტები მოხდა. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებით ცნობილი არ არის, საუბარია 23 დაღუპულზე, მათ შორის მეტროში 10 ადამიანი დაიღუპა, აეროპორტში კი 13.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.