„მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსი დიპლომატის გამონათქვამის საპასუხოდ, სადაც საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, ანტირუსული რიტორიკაში არიან დადანაშაულებული.
„პირველ არხთან“ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინი პოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აბაშიძე ვალდებულია პასუხი გასცეს კარასინს, რომელიც პრაღის ფორმატის წარმომადგენელია.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი დასაზუსტებელია.
ამასთან ერთად ასეთი ტიპის განცხადებებს, პრაღის ფორმატშივე უნდა ჰყავდეს პასუხის გამცემი. რუსეთთან ურთიერთობის რაციონალურ ჭრილში გადაყვანას ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მკვეთრი განცხადებები“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„მე არ მგონია, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია, როგორც ვიცით, ის არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი, ხოლო ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პრაღის ფორმატის წევრების შეცვლაზე მას საუბარი არ შეუძლია, ვინაიდან წარმომადგენელი არ ჰყავს.
„(ზურაბ) აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ის პრემიერის საგანგებო წარმომადგენელია. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
ოთხშაბათს, 16 მარტს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია. რის საპასუხოდაც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება”.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.