რუსი დიპლომატი მიუღებლად მიიჩნევს ქართველი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ანტირუსულ რიტორიკას და აცხადებს, რომ რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ოთხშაბათს პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან მორიგი შეხვედრისას ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი,” – თქვა კარასინმა.
ის “მზარდ ანტირუსულ რიტორიკაზე” საუბრობს და აღნიშნავს იმასაც, რომ როგორ შეიძლება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს.
„დღე საქართველოსთვის მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისაგან – პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ბუნებრივია, ჩვენ ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ.
„ახლა გზაგასაყარზე ვართ, როცა არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან კონფრონტაციას უნდა დავუბრუნდეთ ან ეტაპობრივად გავაგრძელოთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სწორედ ამ კონტექსტში გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები. ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან,“ – განაცხადა კარასინმა.
ოთხშაბათს, 16 მარტს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კარასინი 2015 წლის 20-22 ნოემბერს კანადის ქალაქ ჰალიფაქსში უსაფრთხოების საერთშორისო ფორუმზე თავდაცვის მინისტრის გამოსვლაზე საუბრობს, როდესაც თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიას საზღვრები არა აქვს და თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მოტივით, უკრაინისა და საქართველოს საკითხს დაივიწყებს, რუსეთის შემდეგი ცდა უფრო მასშტაბური იქნება და ის პირდაპირ ნატოს ქვეყნებს მიადგება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.