პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარულ ჩანაწერების შენახვა-გავრცელების გამო ორშაბათს შუა ღამით ორი პირი – ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა.
პროკურატურის განცხადებით,
ამ ორის ჩათვლით, უკანონო ჩანაწერების გამო ბრალდება სულ 5 პირის მიმართ არის წარდგენილი. გელა ღურწკაია თებერვალში დააკავეს, ხოლო კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე სხვა ბრალდების გამო მანამდე იყო პატიმრობაში. მეხუთე, ირმა ჩატოიანი დაკავებული არ არის და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
საქმე ეხება 2015 წლის 26 დეკემბერს გაზეთ “ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძისათვის ოფისში სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერის მიტანას.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 3 თებერვალს დააკავეს გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღესა მეხსიერების ბარათი (ე.წ. “ფლეშკა”), სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
პროკურატურამ დაადგინა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობაში.
„კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის „ქრონიკა+“-ის დირექტორისათვის გასაღება. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს, ადვოკატმა ფხალაძემ ხსენებული აუდიო- და ვიდეო-ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოიღეს ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, როგორც დგინდება, შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მიაწოდა ხსენებული ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან – 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
„ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სს დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში ორი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, Youtube-ს, Facebook-ს და Google-ს სერვერებიდან IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება.
საქართველოს მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარება ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა „ფეისბუქის” გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.
გამოძიების მსვლელობისას, პროკურატურამ მიმართა „იუთუბის” ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.
ირაკლი ფხალაძის ადვოკატის, ნანა ფილაურის თქმით, მას ახლა გადაეცა საქმის მასალები და ჯერ დეტალებზე ვერაფერს ისაუბრებს.
ჯამალაშვილის ადვოკატის გიორგი ფოფხაძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულ გამორიცხავს რაიმე უკანონო ჩანაწერის ქონას და ბრალს არ აღიარებს.
მისი თქმით, საქმის მასალები მას ახლა გადაეცა და ჯერ დეტალები, რის საფუძველზე დააკავეს და წარუდგინეს ბრალი ჯამალაშვილს, არ იცის.
„ (ეჭვმიტანილი) კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და გამორიცხეთ, რომ მას შესაძლოა რაიმე შეხება ჰქონოდა ფარულ ჩანაწერებთან… შესაბამისად, ბრალს არ აღიარებს. არ ვიცი რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკავეს. ის წინა ხელისუფლებასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული, ის მხოლოდ ადვოკატ ირრაკლი ფოფხაძეს იცნობდა, 80-იან წლებში ორივე გვარდიის წერვები იყვნენ”, – განაცხადა ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა.
ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და ცნობილი ჰაკერი, ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ მამამისს სხვა ოჯახი ჰყავს, მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია და არანაირ დეტალს არ ფლობს. ის სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ.
ვასილ ჯამალაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს კუდ-ის თანამშრომელი იყო. მან შექმნა ის ვირუსული პროგრამა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში შეღწევა, ინფორმაციის მიღება და საუბრების ჩაწერა. ვასილ ჯამალაშვილს კიბერდანაშაულის გარდა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად, ის გირაოს – 3000 ლარის – გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
„ამ საქმესთან არანაირი კავშირიც არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და, საერთოდ, კავშირი არ მქონია ამ ჩანაწერებთან”, – განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.