grigory_karasin-

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

საქართველო უარს აცხადებს „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გაუქმებაზე, თუმცა იმ რუს დეპუტატებს, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული აქვთ, გამონაკლისი წესით, საქართველოში შემოუშვებენ და რუსეთის დელეგაციათბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთო-საპარლამენტო სხდომაზე დასწრება შეეძლება.

თბილისში ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ოთხშაბათს, ჟენევიდან საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ის რუს პარლამენტარებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევს. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება”, – განაცხადა კარასინმა და ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე ზურაბ აბაშიძესთან ისაუბრა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს დაუშვებს, რათა რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო სხდომაზე დასწრება შეძლოს.

„როგორც ვიცი, ამის თაობაზე საკმაოდ ინტენსიური მომართვები გვქონდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციიდან, რომ საშუალება მიგვეცა რუსეთის დელეგაციისთვის მიიღოს მონაწილეობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. შეიძლება ამ დელეგაციაში იყოს ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. შესაძლებელია, კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და დასაშვებად იქნეს მიჩნეული გარკვეული გამონაკლისი,“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება კანონის გადახედავს არ აპირებს, თუმცა ითვალისწინებს ეუთო-ს სურვილს და პრინციპებს, რომ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღოს ეუთო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ.

„ყველამ პატივი უნდა სცეს ამ კანონს, რომელიც არსებობს. (თუმცა) ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო-ს სურვილს, რომ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში ტარდება ეუთო-ს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, მონაწილეობა მიიღოს ეუთო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2008 წლის ოქტომბერშია მიღებული და მისი მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს გვერდის ავლით, ძირიტადად რუსეთიდან, შესვლის შემთვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები ექვემდებარებიან სს დევნას. სასჯელი ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კანონის შერბილებაზე საუბარი დაიწყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მოამზადა კანონპროექტიც, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის წესების დარღვევისთვის ადამიანები 400 ლარით უნდა დაჯარიმდნენ.

პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით 2013 წლის 17 მაისს დაამტკიცა. ამის შემდეგ პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვის პროცესი შეჩერდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ორ რუს დეპუტატს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ქართული კანონმდებლობის დარღვევით აფხაზეთში იყვნენ ჩასულები, ისინი მაშინ საქართველოში არ შემოუშვეს.