მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კი გაურკვეველია.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა, ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, მისი მოქალაქეობის საკითხისადმი ინტერესი გაძლიერდა სწორედ იმის გამო, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის ის უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს. უკრაინის მოქალაქეობის მიღება კი საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ შეწყვეტას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი აქამდე საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე უარს ამბობდა და რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მაღალ თანამდებობზე დანიშვნაზე უარი, მისივე თქმით, იმის გამო თქვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეობის დათმობას არ აპირებდა. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული.
უკრაინის კანონმდებლობა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის პირობად უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. საქართველოს კანონმდებლობით კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად აუქმებს საქართველოს მოქალაქეობას. გამონაკლისია ორმაგი მოქალაქეობა, რომლის მინიჭების პრეროგატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება.
„ის ფაქტი, რომ გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ავტომატურად უწყვეტს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას. ანუ, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის,“ – ამბობს „დფვოჩთან“ საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი.
ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ორმაგი მოქალაქეობისთვის საჭირო იქნება სააკაშვილის ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და შემდეგ გადაწყვეტილება მარგველაშვილმა უნდა მიიღოს, თუმცა, ამ გადაწყვეტილებისთვის მას სათანადო საბუთები და რეკომენდაციები იუსტიციის და შს სამინისტროებმა უნდა მოუმზადონ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „დფვოჩს“ განუცხადეს, რომ სააკაშვილის სახელით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ არის შესული.
სააკაშვილის პარტიაში კი ჯერჯერობით არანაირ განცხადებას არ აკეთებენ, მიმართავს თუ არა ან როდის სააკაშვილი მარგველაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით.
მეორე საკითხი, რაც სააკაშვილის მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული, არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. დღეს ამ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია. მაგრამ ქართული კანონმდებლობით, არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ პარტიას სხვა ქვეყნის მოქალაქე თავმჯდომარეობდეს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ „სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე“.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხზე, რაც ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე.
თუმცა, არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა სააკაშვილი ამ თხოვნით მიმართოს ხელისუფლებას.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ, თუკი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, „ეს იქნება უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება“.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.