“ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და მასთან ერთად კიდევ სამმა აქტიურმა წევრმა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაკეთებულა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირად საუბრებში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. მიზეზებზე კი არ საუბრობენ და ამბობენ, რომ შეფასებები მას შემდეგ გაკეთდება, რაც თავად ეს ადამიანები გააკეთებენ განცხადებას საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
საუბარია სააკაშვილის გუნდის ოთხ წევრზე. ესენი არიან: ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანია. ის სააკაშვილის გუნდის წევრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახდა და დღეს პარლამენტი წევრია. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ის განსაკუთრებით გამოირჩევა ეკონომიკურ საკითხებზე აქტიურობით.
მეორეა პავლე კუბლაშვილი, რომელიც სააკაშვილის გუნდის წევრია ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული და ის უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია ამ პარტიიდან. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და იმ საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, რომელიც 2010 წელს განხორციელდა და იურისტების კრიტიკას იმ თვალსაზრისით იმსახურებდა, რომ მორგებული იყო პირად სააკაშვილის ინტერესებზე. ის პარტიის აქტიური წარმომადგენელი იყო ბოლო დრომდე. შეგახსენებთ, რომ მისი ძმა, კოტე კუბლაშვილი, ბოლო დრომდე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
პარტია ასევე დატოვეს გიორგი მელაძემ, რომელიც ასევე სამი მოწვევის დეპუტატია და სააკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და ის პარტიის წევრი იყო ბოლო დრომდე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა გოგა ხაჩიძემ, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ჯერ გუბერნატორი იყო და შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი წლების განმავლობაში და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის უკვე პარლამენტის წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა სააკაშვილის ერთგულებით და მისთვის სიმღერაც კი აქვს მიძღვნილი.
ეს ოთხი ადამიანი ჯერ არანაირ კომენტარს არ აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ განცხადებას ისინი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გააკეთებენ, რადგან ხვალ, სამშაბათს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და მთელი ყურადღება ამ დღეზეა გადატანილი.
თუმცა, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თათბირი მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, განცხადება პარტიის მხრიდან დღესვე გაკეთდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები DFWatch-თან პირადი საუბრისას ამბობენ, რომ ეს პირები პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე გეგმავენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული დეპუტატები პარტიის დატოვებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აპირებდნენ, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ერთად. მაგრამ, იმის გამო, რომ ბაქრაძემ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, მათ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი დროებით შეიკავეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.