„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომლებმაც პარტია დატოვეს, „ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ“.
რატომ გადაწყვიტეს მათ პარტიიდან წასვლა, რა ინფორმაცია ჰქონდათ ამაზე თავად პარტიის შიგნით და როგორი იქნება მათი სამომავლო თანამშრომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით „დფვოჩი“ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა, რომელიც პარტიაში დღემდე გადაწყევტილების ერთ-ერთ მიმღებად ითლება.
მიხეილ მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ამ საკითხის მანამდე განხილვა არ ყოფილა და, რომ გავიგეთ, ნამდვილად უსიამოვნო იყო. მე ველოდები, რომ მიზეზებს დაასახელებენ.
იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებისგან განსხვავებულ მიზეზებს დაასახელებენ, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადრე დატოვეს. გახსოვთ, ალბათ, ზოგმა ბიზნესი დაასახელა, ზოგმა ინტერესი, ზოგმა რა და ზოგმა რა. მე იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე არ აღმოჩნდება, რადგან ჩვენ ერთად საკმაოდ დიდი ბრძოლა გავიარეთ და, თუკი ისეთი მარტივი გზა არის, რომ ამით „ნაციონალების“ გზიდან რაღაც ტვირთი უნდათ, ამ ადამიანებისგან ესეც ცოტა გაუგებარია.
– იყო მოლოდინი, რომ ლიდერები პარტიას დატოვებდნენ?
მ.მ: მოდით, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რაღაცეები ხდება. დაგეთანხმებით, რომ მათი ვერსიები და განმარტებები ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი პარტიის რიგითი წევრები არ იყვნენ.
– საერთოდ თუ იყო მოლოდინი, რომ პარტიას ვინმე დატოვებდა?
მ.მ: მოლოდინები რა იყო და როგორ იყო, რა ხდებოდა პარტიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში თუ მანამდე, ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. ის კი დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ გუშინ რაც მოხდა, ახლა ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჩვენ ეს ყველაფერი გავიგეთ კვირას და ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ახლა არ ველოდით. ამაზე არც საუბარი ყოფილა, არც მინიშნება.
– რა ფორმით გაგაგებინეს? ეს იყო წერილობით, სატელეფონო საუბარი თუ პირისპირ შეხვდით?
მ.მ: არა. ისინი შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და უთხრეს, რომ წასვლას აპირებდნენ.
– ვინ მეგობრებს? პარტიის შიგნით?
მ.მ: კი, პარტიის წევრებთან ჰქონდათ მათ საუბარი.
– წასვლის მიზეზი არც მათთვის არ უთქვამთ? მათ მაინც არ ჰკითხეს?
მ.მ: არა, არც უთქვამთ და არც გვიკითხავს. მათ თქვეს, რომ ორშაბათს ვიტყვითო. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ აპირებდნენ ჩვენგან წასვლას, საერთოდ პოლიტიკიდან მიდიან, აპირებენ, რომ აქტიური პოლიტიკიდან გვერდზე გაიწიონ თუ ახალი მოძრაობის შექმნას და პარლამენტში დარჩენას. ამაზეც იყო პასუხი, რომ ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ.
– არსებობს ვერსია, რომ თითქოს გიორგი ვაშაძეს უნდოდა პარტიის გენმდივნობა და ამის გამო მოხდა დაპირისპირება.
მ.მ: არა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიზეზი ვერ გახდებოდა, რადგან ზურა ჯაფარიძე ერთსულოვნად ავირჩიეთ, ვაშაძეს გენმდივნობა უნდოდა მაშინ, როდესაც მე ვიყავი პარტიაში ამ თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ საბოლოო ჯამში გადაიფიქრა და საორგანიზაციო მდივნის კანდიდატურაზე შეიტანა თავისი განაცხადი, ზურას არჩევისას კი საერთოდ არ ყოფილა ასეთი რამ. ზურას არჩევა უალტერნატივოდ მოხდა განსხვავებით ჩემი არჩევისგან.
– ამ ადამიანებთან თანამშრომლობას თუ აპირებთ?
მ.მ: პარტიაში განსხვავებული პოზიციები და შეფასებებია. ერთია, გული რას გეუბნება და მეორეა, ცივი გონება რას გეუბნება. პოლიტიკოსი კი იმიტომ ხარ, რომ არ მიიღო გადაწყვეტილება ცხელი გონებით და ცივი გულით. გადაწყვეტილება ცივი გონებით და ცხელი გულით უნდა იყოს მიღებული, ამიტომ დაველოდოთ, რა განცხადებები იქნება. თუმცა, ძალიან უსიამოვნოა და ამ ყველაფერმა ამ მომენტში ბევრი ჩვენი არაკეთილმოსურნე სასიამოვნოდ გააღიმა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ ადამინებს ახლა გასაღიმად არა აქვთ საქმე, რადგან ქვეყანაში მეტი პრობლემაა ვიდრე, თუნდაც ამ ოთხი ადამიანის მიერ პარტიის და ფრაქციის დატოვება.
– მათი წასვლის გამო პარტიის შიგნით პრობლემები ხო არ შეიქმნა?
მ.მ: არაა.
– ეს ოთხი ადამიანი განსხვავებული სტილის ადამიანები არიან და მათ ერთად წასვლას როგორ ხსნით?
მ.მ: არ ვიცი, არ მინდა ახლა ვიმარჩიელო. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი რთული გზა გავიარეთ და ახლაც გვყავს პოლიტიკური პატიმრები. მაგრამ ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და დაველოდოთ. მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ახლა გავბრაზდე.
– შეიძლება, რომ მათზე რაიმე ზეწოლა განხორციელდა?
მ.მ: არ მინდა, წინასწარ ვარაუდებზე დაყრდნობილი განცხადება გავაკეთო. ამიტომ ვამბობ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.