აზერბაიჯანელი საბინა თალიბოვა მარნეულში ცხოვრობს. წლების წინ მას არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულიყო. ახლა ის თავად წარმოადგენს ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის მუშაობენ.
DF Watch-ი საბინა თალიბოვას მარნეულის მკვიდრთა იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომლებიც 2008 წლის ომამდე თუ ომის შემდგომ გაჩნდა.
აქვთ თუ არა აქ მცხოვრებლებს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოხვედრის სურვილი?
კი, აქვთ. მე ვიცნობ ორ ასეთ ქალს, მათ შანსებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ვიბრძვით კაცებთან. ერთი არის ნარგიზ მამედოვა აღმამედლოში და ჰუმაი აბდულაევა სადახლოში. ნარგიზი რამდენიმე პროგრამაში ჩავრთეთ, რომლებიც მომავალ ქალ პოლიტიკოსებს ეხმარება და ამზადებს, ჰუმაი თბილისში ასეთ ტრენინგზე მომავალ თვეში წავა. ჩვენს ქალებს არამარტო მომზადება, არამედ ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდებათ. კაცები კი, რომელთაც ვებრძვით, მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან.
როდესაც ვახსენებ ბრძოლას, აქ მხოლოდ ფულს არ მოვიაზრებ, არამედ კორუფციასაც. კორუფცია არსებობს, ის არის ძალიან კარგად დაფარული. ჩვენ ეს ვიცით, თუმცა მტკიცებულებები არ გვაქვს, რადგან ისინი, ვინც ქრთამს გასცემს და იღებს, ამას ძალიან კარგად მალავენ. მოხარულები ვიქნებოდით, თუ კეთილსინდისიერი მამაკაცი იქნებოდა თვითმმართველობაში. თუმცა ასეთები ძალიან ცოტაა, მე მხოლოდ ერთი ვიცი.
დიდ პარტიებს აქვთ თუ არა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი?
დიახ, ადრე ეწყობოდა პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები, დებატები. ისინი არ იყვნენ წინააღმდეგი ქალებიც დასწრებოდნენ შეხვედრებს, პირიქით, ამბობდნენ, რომ დიდი სიხარულით მიგვიღებდნენ თავიანთ რიგებში, თუმცა ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ერთი ქალი მაინც იყოს პარტიების არათუ ათეულში, არამედ პირველ სამეულში. მინიმუმ ერთი ჩვენი კანდიდატი. ისე, რომ ერთ ჩვენს კანდიდატ ქალს მაინც ჰქონდეს შანსი ყველა პარტიაში მიაღწიოს წარმატებას. თუ პარტიების პირობები არ გვაკმაყოფილებს, და ეს ძრითადაც ასეც ხდება-ხოლმე, ჩვენ გვირჩევნია საერთოდ თავი შევიკავოთ მანამ, სანამ არ მოვა ისეთი პარტია, რომლელსაც ჩვენთვის სასურველი პირობები ექნება.
დიდი პარტიებია „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ ადრე ძალიან აქტიური იყო, თუმცა მათ დიდად არ ვენდობით. მათ ჰყავთ ორი წარმომადგენელი, ერთი ქართველი და ერთი აზერბაიჯანელი, თუმცა ისინი ჩვენ არც ერთ შეხვედრაზე გვინახავს, არ გვინახავს მათი სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივობა. ერთი პედაგოგია, მეორე პედიატრი და თავიანთი ძირითადი საქმიანობით არიან დაკავებული. მათი დეპუტატის სტატუსი მხოლოდ სტატუსია, რადგანაც „ნაცმოძრაობა“ ქალებს იყენებს მხოლოდ ფასადისთვის. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მოიპოვოს ნდობა ამ არჩევნების შემდეგ ან სრულიად დაკარგოს ის. როგორც იცით, რეგიონებში მცხოვრები ხალხის ხმა ყოველთვის არის ხელისუფლების მქონე ძალის მხარეს. ამ საპარლამენტო არჩევნების დროს აქ 40%-მა დაუჭერა მხარი „ქართულ ოცნებას“. იცით. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს სურდა ცვლილებები. თუმცა ის ხალხი, ვინც ოცნებას უჭერდა მხარს, ახლა არის იმედგაცრუბული, რადგან, მათ სურდათ ცვლილებები და მიიღეს იმაზე უარესი, რაც იყო. სხვა წარმოდგენილი პარტიები ნაკლებად აქტიურები არიან. მაგალითად, „ახალი მემარჯვენეები“, მაშინაც კი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში აქ შტაბი ჰქონდათ გახსნილი, ძალიან პასიურები იყვნენ, არჩევნების შემდგომ კი ოფისი ძალიან მალე დახურეს. დღეისათვის „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პარალელურად აქ არიან მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“.
რამდენად მუშაობდა ან მუშაობს „ნაცმოძრაობის“, ან „ქართული ოქცნების“ საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებული პუნქტები ქალთა საზოგადოებაში აქტიური ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ?
ძირითადი პუნქტები არის გენდერი, სოციალური ჩართულობა, ჯანდაცვა. თუმცა, „ნაცმოძრაობათან“ გენდერზე საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი, რადგან მხოლოდ ორი დეპუტატი ქალია წარმოდგენილი ჩვენს რაიონში. მათ დაიწყეს სოციალური პროგრამაც, თუმცა ის არაკეთილსინდისიერად ხორციელდებოდა. ახლაც მოქმედებს სოციალური პროგრამა, დახმარებას უწევენ ქალებს, რომლებსაც ქალური დაავადებები აწუხებთ. თუმცა გათვალისწინებულია მხოლოდ და აუცილებლად ქალური დაავადება და არა რაიმე სხვა ტიპის ავადმყოფობა. გამონაკლისები ყოფილა, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ბევრი დოკუმენტი, სხვადასხვა უწყებებისთვის მიმართვა და დრო. მთლიანი პროცედურა არის არასასიამოვნო, თუმცა პროგრამა მუშაობს.
მე პირადად, როგორც მოქალაქე, ველოდები სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც გააძლიერებდა ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომელიც ხელისუფლების დიდი პოლიტიკის ფუნდამენტია.
ნინო ბურჯანაძეს შეეძლო კარგად ემუშავა ქალებთან, თუმცა ის მაინც პრორუსულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ჩვენ კი, მოსახლეობის უმრავლესობა, პროდასავლურ ორიენტაციას ვარჩევთ. მასთან შეგვეძლო კარგად გვეთანამშრომლა ქალების განვითარების საკთხში, თუმცა პოლიტიკურ საკითხებში ვერ გავუგებთ ერთმანეთს. მას, როგორც ქალს, დიდ პატივს ვცემ, ის ძალიან ძლიერი ადამიანია, თუმცა რადგან მას 100%-ით პრორუსული მიმართულება აქვს არჩეული, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ სულ ვიბრძოდით საპირისპიროსთვის და გამოვა, რომ რისთვისაც გვიბრძოლია, იმას გავაფუჭებთ.
თუმცა, სხვა პირობები, რაც მათ აქვთ, ჩვენთვის ძალიან მისაღებია და დასანანია, რომ ისინი ჩვენს რეგიონში არ მუშაობენ. აი, მათ რომ მოეხერხებინათ და მცირე პროცენტი მაინც დაეკავებინათ ადგილობრივ თვითმმართველობაში, კარგი იქნებოდა.
რა ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მარნეულში?
პრობლემები, რაც მანმდე იყო, არ გამქრალა. ახალი პრობლემა იყო შიში, ძეგლებისა და შენობების ნგრევა, ცხოვრების დონის დაწევა არ მოჰყოლია დაბომბვას აქ, რადგან მხოლოდ ასაფრენ ბილიკს ბომბავდნენ და არა ქალაქსა თუ სოფლებს, თუმცა შიში მაინც იყო.
ჩვენთანაა საქართველო-სომხეთის საზღვარი და დღემდე არ გვაქვს დემარკაცია ამ ორ ქვეყანას შორის, ამიტომ, ადგილი ჰქონდა დაუცველობის განცდას, რადგან მოსახლეობას საფრთხის მოლოდინი ჰქონდა. იმ დროისთვის საზღვარზე არ იყვნენ მესაზღვრეებიც, შემდგომ უკვე დააყენეს ორი მესაზღვრე. დღემდე არ გვაქვს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიც კი, მხოლოდ ორი მორიგე მესაზღვრე ჩვენი ტერიტორიიდან. ეს საშინელებაა. მაგრამ, რაც იყო, იმას სჯობს.
არსებობდა შიში და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, რადგან ომი აგვისტომდე დაიწყო. მაისში ვმუშაობდი საზღვარზე მონიტორინგის ანგარიშზე. სიტუაცია იყო ძალიან სერიოზული, რადგან მესაზღვრეები ხალხს აკავებდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო. ისინი იმყოფებოდნენ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. შემდეგ ჩვემ მათ უკან ვითხოვდით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით (სხვათაშორის, ამ წელსაც ერთი კაცი იყო სომხეთში დაკავებული ორნახევარი თვით და საქართველოსა და სომხეთის ომბუდსმენები ჩაერივნენ).
სოციალური დონე დაეცა, რადგან ხალხმა შეწყვიტა ფულის გამომუშავება, შენება, ფიქრობდნენ, რომ ომი ისევ დაიწყებოდა და თავდახმის პირველი ობიექტი იქნებოდა სასაზღვრო ზონა. ხალხმა დაიწყო გამგზავრება, ძირითადად, აზერბაიჯანში. აქ დარჩენილთათვის გამოსაგზავნი ფულის გამოსამუშავებლად.
ხალხმა მე მთხოვა ხელისუფლებისთვის გადამეცა, რომ თუ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს არ დააწესებდნენ, ოფიციალურად მაინც შეეიარაღებინათ მოსახლეობა, რომ მათ შეძლებოდათ თავდასხმაზე ეპასუხათ, ცოტა ხნით მაინც გაეწიათ წინააღმდეგობა, სანამ შეიარაღებული ძალები მოვიდოდნენ დასახმარებლად.
პრობლემა იყო ის, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ იყო, მათ არ მიუღიათ ზომები მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით. იყო სრული გაურკვევლობა და განცდა, რომ არავის ვჭირდებით და ვართ აქ მიტოვებულები.
რაც შეეხება ქალაქს, იმ დროისთვის ძალიან ბევრი ინვესტიცია უნდა გვქონოდა, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან. იყო ერთი პროექტი, აზერბაიჯანის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის მშენებლობის. ერთი მათი ფილიალი უკვე არის თბილისში და მეორის მშენებლობა იგეგმებოდა მარნეულში.
ამასთანავე, აზერბაიჯანის ჯანდაცვის ცენტრი აპირებდა აეშენებინა საავადმყოფოები. აზერბაიჯანში არის ასეთი საავადმყოფოების ქსელი, რომელიც არის უფასო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, მეც სრულიად უფასოდ გამიკეთეს ოპერაცია. აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ასეთი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრია და ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი ცენტრების აშენებას დაიწყებდნენ არამხოლოდ მარნეულში, არამედ მთელს საქართველოშიც, თუმცა არ იყო საკმარისი ინვესტიცია. ომმა შეაფერხა ქალაქის განვითარება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.