საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) თავის 2014 წლის მსოფლიო ანგარიშში საქართველო ლგბტ და რელიგიური უმცირესობების წარომადგენლების არასაკმარისად დაცვისთვის გააკრიტიკა.
რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მუსლიმებს რთული წელიწადნახევარი ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში.
ანგარიშში მოხსენიებულია სოფელ ჭელაში მცხოვრები მუსლიმების მიერ გაღებული ძალისხმევა ხელისუფლების მიერ მოხსნილი მინარეთის დასაბრუნებლად, რაც 2013 წლის ნოემბერში გახდა შესაძლებელი.
HRW აღნიშნავს, რომ მუსლიმები ზეწოლის ქვეშ იყვნენ სოფელ წინწყაროსა და ბათუმშიც, სადაც დაპირისპირება მეჩეთის აღმართვას მოჰყვა.
„მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რამდენიმე სოფელში, ზოგჯერ ძალადობით, მუსლიმებს აღუკვეთეს რელიგიური რიტუალების აღსრულება მეჩეთში სახლების ნაცვლად,“ ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციამ საქართველო გააკრიტიკა დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში პასიურობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლებში ძალადობა მრავალჯერ დაგმო.
კიდევ ერთი ინციდენტი, რომელიც ანგარიშშია ნახსენები, აპრილში, ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ აჭარის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ჯარისკაცები თვითნებურად აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ ხალხს, უწოდებდნენ მათ “თათრებს” და მოითხოვდნენ კისერზე ჯვრის ჩვენებას, იმის დასამტკიცებლად, რომ მგზავრები ქრისტიანები იყვნენ.
ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამ ინციდენტში იღებდა მონაწილეობას, სამსახურიდან დაითხოვეს.
HRW-მ გააკრიტიკა 2013 წლის 17 მაისის და ამ დღესთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები. 17 მაისს ბრბომ, რომელიც ქრისტიანი სასულიერო პირებისა და მრევლისგან შედგებოდა, დაარბია ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მცირე მშვიდობიანი დემონსტრაცია.
ინტერნეტში გავრცელებულმა ჭორებმა, რომ დემონსტრაციის ნაცვლად გეი პარადი იგეგმებოდა, ათასობით მორწმუნე ქრისტიანი გამოიყვანა ქუჩაში. მათი რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა მობილიზებული პოლიციელების რიცხვს, რის გამოც ლგბტ წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებზე თავდასხმა არ გასჭირვებიათ.
ანგარიშში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვებიცაა მოყვანილი, სადაც მან დარბევამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლებას სთხოვა ლგბტ შეკრების, როგორც ქართული ტრადიციების შეურაცხყოფის, აკრძალვა.
ძალადობრივ ინციდენტებს შორის HRW-მ განსაკუთრებით გამოჰყო ლგბტ აქტივისტებით სავსე მიკროავტობუსზე თავდასხმა.
ორ მართლმადიდებელ სასულიერო პირს და სამ მოქალაქეს ბრალი შეკრების თავისუფლების აღკვეთის და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.
17 მაისის შემდგომ, ლგბტ ადამიანებზე ძაალდობა ქუჩებში, ინფივიდუალურ დონეზე გაგრძელდა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „იდენტობა“ 34 ასეთი შემთხვევა აღრიცხა.
„ჯგუფმა აღნიშნა, რომ ძალადობის მრავალმა მსხვერპლმა თავი შეიკავა გაეხმაურებინა საკუთარი ამბავი, ანგარიშსწორების და იმის შიშით, რომ პოლიცია ადეკვატურად ვერ გამოიძიებდა საქმეს“
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.