ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ სახელმწიფო ძალოვანი უწყებები მათ მიმართ წნეხს ახორციელებენ.
მუსლიმთა სასულიერო პირები 22 იანვარს სახალხო დამცველს შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე არსებული პრობლემები, ასევე საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაციული განვითარების საკითხი განიხილეს.
სასულერო პირები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მუსლიმთა სამმართველო შეიქმნა, ძალოვანი უწყებები უხეშად ერევიან მათ საქმიანობაში. მაგალითად კი მოიყვანეს 25 დეკემბერს ახალი შეიხის დანიშვნა.
მათი თქმით, მუსლიმთა სამმართველოს რვა დამფუძნებელს შორის ერთი საერთოდ არ არის მუსლიმი, დანარჩენები კი მუსლიმთა წესებს არ იცავენ და წარმოადგენენ სამთავრობო უწყებების ყოფილ თანამშრომლებს, ასეთი ვითარება კი, ამბობენ, რომ ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„მუსლიმი სასულიერო პირების ინფორმაციით, საქართველოს ძალოვან უწყებებში იგივე ადამიანები განაგებენ მუსლიმთა საკითხებს, ვინც 2005 წლიდან განაგებდა და ეს პირები წლებია ახდენენ მუსლიმთა თემის სამართლიანი მოთხოვნების იგნორირებასა და რიგ შემთხვევებში ზეწოლას,“ წერს სახალხო დამცველი.
შეხვედრის დროს მუსლიმმა სასულიერო პირებმა ასევე აღნიშნეს, რომ ირღვევა მათი რწმენის თავისუფლება, რაც შეურაცხმყოფელია ისლამური სარწმუნეობის მიმდევართათვის.
9 იანვარს, მუსლიმთა სამმართველომ ერთის ნაცვლად ორი მუფთი აირჩია, რაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა რელიგიურმა სამმართველომ გააპროტესტა, როგორც რწმენის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის ფაქტი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.