MIA_shark19 წლის გოგონა, შეყვარებულთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მტკიცებით, 76 წლის ქალბატონი მათ ჯერ ელექტროშოკით  გაგუდეს, დანა ჩაარტყეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი დაანაწევრეს და  ორი ჩანთით გლდანის ნომერ მერვე ციხის ნაგავსაყრელზე დაწვეს.

შს სამინისტროს ცნობით, ეს იყო „რიტუალური მკველობა“ და საუბარია იმაზე, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები კონკრეტული სექტის წევრები არიან, თუმცა ამ სექტის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

დაკავებულია სულ 5 ადამიანი, მათგან 3 განზრახ მკვლელობისთვის, 2 კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

შსს აცხადებს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

აღნიშნავია ის, რომ 1940 წელს დაბადებულ ქალბატონი, ლუბა ყ. ოჯახი განცხადების საფუძველზე 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 19 წლის ირმა ყ., 23 წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა კ. – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

„აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი – ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე… მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.