საიდ ჰუსეინოვი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. პროგრამის დასრულების შემდეგ მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე უნდა გააგრძელოს. საიდი ამბობს, რომ ქართული კარგად არ იცის და ერთი წლის განმავლობაში ენის საფუძვლიანად სწავლა გაუჭირდება: „სწავლა თითქმის ნულიდან დავიწყე. ამ კურსის ფარგლებში მოთხრობებს ვკითხულობთ, ლექსებს ვსწავლობთ. თუმცა, ვფიქრობ, ქართული ენის ცოდნის ჩემი დონით ბაკალავრიატში სწავლა გამიჭირდება.”

პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საიდი ათობით მისი თანატოლის მსგავსად უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. მისი მთავარი მიზანი ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღებაში ხელის შეწყობაა. ამ პროგრამის მეშვეობით, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში კი სტუდენტი ქართული ენის სპეციალურს კურსს გადის იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა შეძლოს. ამიტომ ამ პროგრამას ხშირად „1+4”-ს უწოდებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 175 აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი სწავლობდა, 2014 წელს კი 456.

ვუსალ ბაირამოვი, რომელიც ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ჟურნალისტობას აპირებს, დარწმუნებულია, რომ ქართული ენის შესწავლისთვის ერთი წელი არ ეყოფა: „აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი და ქართული ენა პრაქტიკულად არ ვიცოდი. ახლა მასწავლებლებიც ბევრს შრომობენ და ჩვენც ძალიან მონდომებულები ვართ, რომ ენა ვისწავლოთ, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი ქართულით ბაკალავრიატში სხვადასხვა საგნების სწავლა ძალიან რთული იქნება.”

სევინჯ მამადოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. იცის, რომ ქართულის შესწავლის 1-წლიანი პროგრამა ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო ცოდნის დონეს ვერ მისცემს: „ძალიან ცუდია, რომ ჩვენ არ ვიცით იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, სადაც ვცხოვრობთ. მე სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. მასწავლებელი, რომელიც ქართულს მასწავლიდა, ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და ქართული კარგად თვითონაც არ იცოდა. ენის სრულყოფილად შესწავლისთვის ერთი წელი არ ჰყოფნის. „ 1+4” პროგრამის პარალელურად ეთნიკურ სკოლებში ქართული ენის სწავლის პროცესიც უნდა გაუმჯობესდეს.”

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის შეფასებისთვის საგანგებო კვლევა ჩაატარა. CCIIR-ის ხელმძღვანელი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დადებითად აისახა ეთნიკურ უმცირესობათა მხრიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებლებში განათლების მიღების მაჩვენებელზე: თუ ათიოდე წლის წინ ეთნიკური აზერბაიჯანელები უმაღლესი განათლების მისაღებად აზერბაიჯანსა და თურქეთში მიდიოდნენ და სახელმწიფო ენის შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, სახელმწიფო პროგრამებმა –  „ 1+4” და „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, თუმცა, გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება.

როგორც ტაბატაძე ამბობს, ენის პროგრამის ერთწლიანი ვადა ყველა სტუდენტისთვის საკმარისი არ არის: „ მათთვის, ვინც ამ პროგრამაზე ქართული ენის ცოდნის ნულოვანი დონით შედის, ერთი წელი საკმარისი არ არის, მათთვის კი ვინც ქართული ენა კარგად იცის, მაგალითად თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, ეს ერთი წელი დროის ფუჭი ხარჯვაა. პროგრამის გეგმა არის უნივერსალური და ის სტუდენტების რეალურ საჭიროებებზე არ არის მორგებული. ენის შესწავლის ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგაც კი სტუდენტთა გარკვეული ნაწილს უჭირს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება და ეს ფაქტი სწავლის დასრულების საბოლოო მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.”

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს სულ 156 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან მხოლოდ ოცდასამმა  (14.8%) შეძლო 2015 წელს საბაკალავრო პროგრამის დასრულება.

ტაბატაძე მიიჩნევს, რომ „1+4” პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია, რომ ქართულ ენაში სტუდენტის ენობრივი კომპეტენცია მისაღები გამოცდების დროს შეფასდეს, გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით კი სტუდენტები სხვადასხვა დონის ჯგუფებად დაყონ და მათ ცოდნის შესაბამის დონეზე მორგებული პროგრამის მიხედვით ასწავლონ.

ნურანა მამადი

სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.