ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს და მიიჩნევს, რომ მათი პრობლემები ქართულ მედიაში არასაკმარისად შუქდება.
თბილისიდან 30 კილომეტრში, ქალაქ მარნეულში და მარნეულის რაიონის ყველაზე მოშორებულ სოფლებშიც კი, იქ, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თითქმის ყველა სახლის სახურავზე სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ანტენის მეშვეობით ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს. რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის ქართულ ტელეარხებს ცოტა მაყურებელი ჰყავს. მიზეზი ენობრივი ბარიერია: ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოს მკვიდრი სულეიმან აბასოვი ამბობს, რომ ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულენოვან არხებს უყურებს და ინტერნეტშიც აზერბაიჯანულენოვან ინფორმაციას ეცნობა: „ქართული არ ვიცი, ამიტომ აზერბაიჯანულ არხებს ვუყურებ. საქართველოში მიმდინარე ამბებზე კარგად ის ვიცი, აზერბაიჯანში რა ხდება.“
ლემან მამადოვა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, ფიქრობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს ქართული ენის არცოდნის გამო უყურებენ: „ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ საქართველოშიც არსებობს მედია, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ამბებს აზერბაიჯანულ ენაზე აშუქებს. უფრო მეტიც: ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქედ არ მიიჩნევს და აქაურ ამბებზე მეტად აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენებით ინტერესდება. ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ ინტეგრაციას კიდევ უფრო ანელებს.“
მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვემო ქართლში ქართულენოვან ონლაინ გამოცემებზე მეტად აზერბაიჯანული საიტები – OXU.AZ და BIG.AZ-ია პოპულარული. ასევე თურქულენოვანი Cumhuriyet.com.tr და Milliyet.com.tr, თურქული ტელეარხებიდან კი მოსახლეობა ყველაზე მეტად A TV-ს და TRT 1 -ს უყურებს. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების აზრით, ქართულ მედიაში მათი პრობლემები არასაკმარისად შუქდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი საიდა აბასოვა ამბობს, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულ მედიასთან საუბრის ეშინიათ. „ქართულ მედიასთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს გაურბიან. ფიქრობენ, რომ ამას შემდეგ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლა მოჰყვეს. ასეთი შემთხვევები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მხრიდან მართლაც არის. გარდა ამისა, მათ, ალბათ, არ უნდათ საუბარი ისეთ მედიასაშუალებასთან, რომელსაც არ იცნობენ, არ უყურებენ და არ კითხულობენ.“
ლეილა ჰასანოვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. მას ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ლეილას აზრით, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს კი სურთ, რომ ქართულ მედიას საკუთარი ხმა მიაწვდინონ, მაგრამ ქართული მედია მათით მხოლოდ მაშინ ინტერსდება, როცა საქმე კრიმინალს ან ნაადრევ ქორწინებას ეხება: „როცა მძიმე დანაშაული ხდება, თბილისიდან ჟურნალისტები ჩამოდიან და თარჯიმანიც კი ჩამოჰყავთ. ვერცერთი ჟურნალისტი იტყვის, რომ რომელიმე თემის გაშუქება უნდოდა და ამ თემაზე სასაუბროდ რესპონდენტი ვერ მოძებნა. შეიძლება ვინმე არ დათანხმდა ინტერვიუს ან კომენტარის მიცემას, მაგრამ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც მედიასთან საუბარს არ გაურბიან. არის შემთხვევები, როცა რომელიმე მედიას სთხოვენ-ხოლმე რაიმე პრობლემის გაშუქებას, ისინი კი არ ჩამოდიან. ეთნიკური აზერბაიჯანელები ქართულ მედიაში მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკაში ხვდებიან.”
სოციოლოგი სამირა ბაირამოვა: „ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან ერთი ერის წარმომადგენლები ვართ, აზერბაიჯანი ჩვენს ხმას გაიგონებს და დაგვეხმარება. ამიტომ ისინი აზერბაიჯანულ მედიასთან უფრო თანამშრომლობენ. პრობლემაა ისიც, რომ ენობრივი ბარიერის გამო ისინი ქართველ ჟურნალისტებს საკუთარ პრობლემებს ვერ აგებინებენ. ეთნიკური აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეებიც კი გაურბიან ქართულ მედიასთან ურთიერთობას. მაშინ, როცა ისინი უნდა ხვდებობდნენ, რომ მათ ხალხი ირჩევს და ვალდებულები არიან, რომ ამ ხალხს ანგარიში ჩაააბარონ და ეს არა აზერბაიჯანული, არამედ ქართული მედიის საშუალებით უნდა გააკეთონ.“
რადიო „მარნეულის“ დირექტორი კამილა მამედოვა მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემების შესახებ ქართულ მედიაში ნაკლებად ისმის, ჟურნალისტების სიმცირეა. „ქართულ მედიაში ეთნიკური აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რომ მუშაობდნენ, მაშინ უმცირესობასა და მედიას შორის კავშირი იქნებოდა. ახლა კი რეალობა ასეთია: ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენსა და ქართულ საზოგადოებას შორის ყრუ კედელია და ეთნიკური აზერბაიჯანელების ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია ფერხდება.“
ნურანა მამადი
სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.